ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი პატიმრობის კოდექსის დარღვევისთვის დასაჯეს

6 აგვისტო, 2014 • • 1191
ვანო მერაბიშვილი პატიმრობის კოდექსის დარღვევისთვის დასაჯეს

სამინისტროს ინფორმაციით, 8 ივლისს ვანო მერაბიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს, რის გამოც მას დაეკისრა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, 4 თვით (მაქსიმალური ვადაა 6 თვე) შეეზღუდა ნებადართული ნივთებით: კომპიუტერითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება.

 

სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ წინასასამართლო სხდომაზე გარკვეული ნივთებით სარგებლობის სურვილი 2014 წლის 6 აგვისტოს გამოთქვეს. 

 

სამინისტროს ცნობით, მერაბიშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნული დისციპლინური სახდელი გაასაჩივრეს, რის შემდეგაც, მოსამართლის განჩინებით, მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებით მიეცა კომპიუტერით სარგებლობის უფლება. აღნიშნული განჩინება სასჯელაღსრულების დაწესებულებამ შეასრულა და მას დროებით გადაეცა კომპიუტერი.

 

რაც შეეხება გიგი უგულავას, პატიმარს დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ,  შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება, აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო:

 

„ამისათვის საჭიროა დაწესებულების ადმინისტრაცია გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდეს მის ქცევას და შეისწავლოს ბრალდებული, ხოლო რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, ამისათვის საჭიროა ბატონ უგულავას უკვე ჰქონდეს მსჯავრდებულის სტატუსი და განესაზღვროს დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება, სადაც მას დირექტორის გადაწყვეტილებით, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს კომპიუტერით სარგებლობის უფლება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი