ახალი ამბები

ტყვიაზე გამოკვლევის პროგრამის იდეამ ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო

11 თებერვალი, 2019 • 1422
ტყვიაზე გამოკვლევის პროგრამის იდეამ ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო

პორტალზე “შენი იდეა ქალაქის მერს” ინიციატივამ ორსულებსა და ბავშვებში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის კვლევითი მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ საკმარისი რაოდენობის ხმები დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვების შემდეგ, თბილისის მერიამ 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იდეის განხილვის გაგრძელების ან იდეაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს. ხოლო ზემოაღნიშნული იდეის განხილვის საბოლოო ვადა 2 მაისს იწურება.

პროექტის “იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ორსულებსა და ბავშვებში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის კვლევითი მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ ინიციატივის ავტორი დავით ჯორბენაძეა. მისი თქმით, სასურველია, მერიამ ორსულებისა და ბავშვების კვლევა რისკ-ჯგუფებში ჩაატაროს.

“ვფიქრობ, ვინაიდან ეს ინიციატივა თბილისის მერიას მიემართება მერიის სოციალური სამსახურების თუ თბილისის სკრინინგ-ცენტრების მეშვეობით, უნდა დადგინდეს რისკჯგუფები. მერიას აქვს იმის ინსტრუმენტი, რომ რეალურად განასხვაოს ეს მოწყვლადი ჯგუფი სხვა დანარჩენისგან. თუ  საპილოტე პროგრამა დაიწყება თბილისში, შედეგებით  მეტი შანსი გვაქვს, სწორად მივუდგეთ ამ პრობლემის მოგვარებას”, – განაცხადა ჯორბენაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დავით ჯორბენაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პროგრამის განხორციელება მერიას წელიწადში 800 000 ლარი დაუჯდება. მისი თქმით, ეს თანხა საკმარისია რისკჯგუფში შემავალი ყველა ორსულისა და 7 წლამდე ასაკის ბავშვის გამოსაკვლევად ტყვიის შემცველობაზე:

“ეს თანხა პილოტისთვის სავსებით საკმარისი იქნება. კვლევა შეიძლება ჩატარდეს სამი მეთოდით. პირველია ექსპრესტესტი კაპილარული მეთოდით და მარტივად ტარდება, თუმცა დადებითი პასუხის შემთხვევაში გადამოწმებას საჭიროებს უკვე ატომურ-აბსორბციულ სპექტროფოტომეტრზე, რომელიც ითვლება ოქროს სტანდარტად”, – ამბობს ჯორბენაძე.

დავით ჯორბენაძის ინიციატივა შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ მერიის პორტალზე 2 500 ხელმოწერა შეგროვდებოდა. ინიციატივას 2508 ხელმომწერი ჰყავს.

ინიციატივის სანახავად გადადით ბმულზე. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი