სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები 2008 წლის საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე დაკითხეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები, ლევონ ტერ-პეტროსიანი და სერჟ სარქისიანი ახალი ხელისუფლების პირობებში ახლად დაკომპლექტებულმა საგამოძიებო უწყებებმა 2008 წლის საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის საქმეზე დაკითხეს.

ტერ-პეტროსიანი, რომელიც 2008 წლის მარტის მოვლენებისას ოპოზიციონერი იყო, 7 თებერვალს დაკითხეს. დაკითხვა საათნახევარს გაგრძელდა. სარქისიანი, რომელიც აქციების მიუხედავად პრეზიდენტი გახდა, წინა კვირას დაკითხეს.

ამავე საქმეზე პატიმრობაში იმყოფება რობერტ ქოჩარიანი, რომელიც აქციების დროს ჯერ ისევ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. რამდენიმე დღის წინ მას გაუხანგრძლივეს წინასწარი პატიმრობის ვადა, რაც მან გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაუკმაყოფილეს.

ტერ-პეტროსიანი, — სომხეთის I პრეზიდენტი, რომელიც 1991-98 წლებში იკავებდა თანამდებობას, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო. მისი მოწოდებით დაიწყო საპროტესტო აქციები, იგი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდა. არჩევნების შედეგებით პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გახდა.

დარბევის დღეს, 1 მარტს, მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა დემონსტრაციების პასუხად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უშუალოდ ქოჩარიანს სომხეთის სამართალდამცველი სტრუქტურები ამ მოვლენებისას მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევას და სომხეთის საკონსტიტუციო წყობის დამხობას ედავებიან.

2008 წლის 1 მარტის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების შედეგად,10 მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი დაშავდა. მათი დაღუპვის საქმეები ამ დრომდე არ არის ბოლომდე გამოძიებული.

სომხეთის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საგამოძიებო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი მარტის მოვლენების გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არსებობს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი ედება ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიკაელ არუტუნიანს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com