ახალი ამბები

დღეს, 3 საათზე ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ

6 თებერვალი, 2019 • 1080
დღეს, 3 საათზე ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ

ბიზნესის სკოლის სტუდენტები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებისა და დეკანის, გიორგი ქადაგიძის აღდგენის მოთხოვნით დღეს, 3 საათზე, ილიას უნივერსიტეტში აქციის გამართვას გეგმავენ. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დამატებით მოთხოვნებს სტუდენტები დაგეგმილ აქციაზე გაახმიანებენ.

“ჩვენი პოზიცია „ადმინისტრაციამ“ დაინახა 4 თებერვალს, 20:00-ზე გამართულ შეხვედრაზე და არაფრად ჩააგდო ჩვენ მიერ გაცხადებული მოთხოვნები! ჩვენი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. თქვენი ჩართულობა აუცილებელია. ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ გადამწყვეტ ბრძოლას! ვაჩვენოთ სტუდენტების ძალა!,”-წერია სტუდენტების მიერ დაგეგმილი აქციის Facebook ანონსში.

4 თებერვალს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა სტუდენტებთან შეხვედრისას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რეორგანიზაციის გასაუქმებლად 24 საათი მისცა. რეორგანიზაციის შეწყვეტის გარდა, ქადაგიძე უნივერსიტეტის ფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს. მისი თქმით, სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება მათი ფული.

კიდევ ერთი მოთხოვნა რეფორმების ჯგუფის შექმნაა, რომელიც სტუდენტების პრობლემებს შეისწავლის. ბოლო მოთხოვნა კი ბიზნესის სკოლაში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა შერჩევას გულისხმობს.


31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება ბიზნესსკოლის გაერთიანებას ახალ ფაკულტეტში, იმ ფონზე, როცა აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ დეკანის შესარჩევ კონკურსში მასაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ქადაგიძემ განაცხადა:

“ნებისმიერი რეორგანიზაცია შემოთავაზებული პრინციპით არის ფარსი. არ შეიძლება მსგავსი ტიპის რეორგანიზაციები გაკეთდეს ისე, რომ მთავარი, ვისაც ეხება ცვლილება, სტუდენტებს, არ ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. არ შეიძლება წარმომადგენლობითი საბჭო სკოლის წლიურ ბიუჯეტს ამტკიცებდეს ისე, რომ საბჭოს არცერთ წევრს ბიუჯეტი წინაწარ ნანახიც არ ჰქონეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი