ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების youtube -ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1 თებერვალი, 2019 • 1965
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების youtube -ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-მ დღეს განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების youtube -ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ეს მე-17 დაკავებულია დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების საქმეზე.

შსს-ს ცნობით,  პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა, დანაშაულს აღიარებს.

“დაკავებული პირის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება.

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, – აცხადებს შსს.

გამოძიება ამ საქმეზე აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

ამავე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს შსს კიდევ 16 დაკავებულს, რომელთა შესახებაც პოლიციამ განცხადება დილით გაავრცელა.

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა.  თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი ფეისბუკის მომხმარებლის გვერდზე.

შსს-ს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა დაკავებული ის, ვინც პირველად გაავრცელა ჩანაწერი.

გაეთრიე ჩემი საძინებლიდან – აქცია მთავრობის კანცელარიასთან. 2016 წელი. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი