ახალი ამბები

შსს – პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე 16 პირია დაკავებული

1 თებერვალი, 2019 • 2965
შსს – პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე 16 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირი დააკავეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე.

შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში ავრცლებდნენ ჩანაწერს.

“აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, დაკავებულია 16 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა, თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.

შსს-ს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა დაკავებული ის, ვინც პირველად გაავრცელა ჩანაწერი.


საქართველოში პირადი ცხოვრების ამასხველი ინფორმაციის ხელყოფის საკითხს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი არეგულირებს.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე განმარტავს, ამ კანონის მიხედვით ისჯება არა მხოლოდ ის, ვინც აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა, არამედ ისიც, ვინც ეს მასალა თუნდაც ერთ ადამიანს სოციალურ ქსელში ან სხვა გზით გაუზიარა:

“სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი კრძალავს არა მარტო  პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის მოპოვებას ან პერსონალური მონაცემის გავრცლეებას, არამედ ამ მუხლის მეორე პუნქტში ძალიან საინტერესო ჩანაწერი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ გზით გავრცელებული მონაცემის გავრცელება ინტერნეტით, მათ შორის სოციალურ ქსელით, ისჯება.

ანუ, თუკი გავრცელდა რაიმე ინფორმაცია და ადამიანები საჯაროდ ავრცელებენ მას, ან ჩატში თუნდაც ერთ ადამიანს უზიარებენ, ეს ქმედება ჯდება ამ მუხლში და დასჯადია 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აქედან გამომდინარე, მუხლი სჯის არა მარტო შექმნას, არამედ თუნდაც ერთი ადამინისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, თუნდაც ამ ინფორმაციის გამავრცელებელი არ იყოს მისი პირველწყარო “, – ამბობს იურისტი.

ვრცლად

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება დასჯადია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი