ახალი ამბებისაზოგადოება

“მკერდი მთავარი არ არის” – ქალების ისტორიები მასტექტომიის შემდეგ

1 თებერვალი, 2019 • 9249
“მკერდი მთავარი არ არის” – ქალების ისტორიები მასტექტომიის შემდეგ

“დღემდე რთულად მისაღებია ის მძიმე შეგრძნება, რომ ორგანო არ გაქვს, მაგრამ ყოველთვის ეძებ იმ ადგილს… გაქვს რაღაც სიგნალები, შეხების მომენტები, გგონია, რომ ის ისევ თავის ადგილზეა და იმ წერტილიდან მოდის შეგრძნება… გინდება, რომ ხელი მოიკიდო და ცოტა დაიწყნარო, მაგრამ იმ წერტილს ვერ პოულობ იმიტომ, რომ ის რეალურად არ არის, მაგრამ სივრცითი შეგრძნება, აღქმა იმ ადგილისა, გონებას დღემდე აქვს”, – ასე იწყებს საუბარს “ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი ვიდეოში, რომელიც მასტექტომიას (ძუძუს მოკვეთას) ეხება.

ანა მაზანაშვილი და “ევროპა დონა საქართველო” უკვე რამდენიმე წელია, რაც მასტექტომიის პროცედურის ირგვლივ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ და ქალთა უფლებებისთვის ადვოკატირებენ. ის სხვა ქალებთან ერთად 31 იანვარს მასტექტომიის შესახებ ქალთა ინფორმირებულობის კვლევას დაესწრო და თავისი ისტორია კიდევ ერთხელ გაუზიარა სხვებს.

კვლევა, რომელიც “კაქტუსმა” კვლევით ცენტრ Weresearch-თან ერთად და “ქალთა ფონდის” დაფინანსებით ჩაატარა, სწორედ იმ ქალებს ეხება, რომლებსაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის პროცესში მასტექტომიის პროცედურის გავლა მოუხდათ. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში რადიკალური მასტექტომიის 321 შემთხვევა აღირიცხა, 2017 წელს – 935, 2016 წელს კი – 910 შემთხვევა. თუმცა, მიუხედავად ამ მონაცემისა, აღნიშნულ საკითხზე დღემდე არ შემდგარა ფართო საზოგადოებრივი დიალოგი.

“საქართველოში ძუძუს კიბო არ არის ახალი თემა და ამ საკითხზე სხვადასხვა კუთხით საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ, ჩემი აზრით, დისკუსია უფრო პოზიტიური სახის არის და შემოიფარგლება: “კიბო დავამარცხე და ახლა ყველაფერი კარგად არის” – შინაარსით. მე კი, როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი, ვხედავდი, რომ ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მქონდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალის უფლება, სრული ინფორმაცია ჰქონდეს მასექტომიაზე – რეალურად გათვალისწინებული არ იყო.

მასტექტომიის დროს ქალისთვის ძალიან ბევრი რამ იცვლება, მაგალითად, სხეულის მგრძნობელობა და, ზოგადად, ცხოვრების წესი. ამაზე ყოველთვის ნაკლები აცქცენტი კეთდებოდა და გადავიწყვიტე, ამ მიმართულებით უფრო მეტი ქალი გამოგვეკითხა”, – ამბობს ნეტგაზეთთან პროექტის ავტორი ცირა გვასალია.

მისი თქით, კველვა, რომელიც 14 სიღრმისეულ ინტერვიუს მოიცავდა, ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალისთვის წარმომადგენლობითი ვერ იქნება, თუმცა საზოგადოებაში თემის ირგვლივ საჭირო საუბარს წამოჭრის.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა 15-მა ქალმა მიიღო, რომელთა ასაკი 32-დან  57 წლამდე მერყეობს. მკვლევრების თქმით, ყველა რესპონდენტს ჰქონდა მშობიარობის გამოცდილება, 15-დან 14-ს კი მასტექტომიის პროცედურა უკვე გავლილი აქვს. ამ ქალებიდან მკერდის კიბოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პაციენტს დიაგნოზი 15 წლის წინ დაუსვეს.

კვლევის ავტორები ინტერვიუებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ქალების ნაწილი ოპერაციასა და პოსტოპერაციული პროცესების, მათ შორის, გართულებების შესახებ, ინფორმირებული არ იყო, რამდენიმე შემთხვევაში კი მოხდა მათი, როგორც პაციენტის, უფლებების დარღვევა. მაშინ როდესაც მასტექტომია სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებში შედის და პროცედურის 70%-ს ქალს სახელმწიფო უხდის, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, მათ შორის, მკერდის იმპლანტები, ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელია.

კვლევის შედეგებში ჩანს, რომ პრობლემურია აგრეთვე ინფორმაცია და ცოდნა მკერდის რეკონსტრუქციის შესახებ. მასტექტომიის შემდგომ ძუძუს აღდგენა/რეკონსტრუქციის რისკების შესახებ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა მხოლოდ 6 რესპონდენტს , მაგრამ ამომწურავი ინფორმაცია სხვა სერიოზული გართულებების შესახებ, როგორიცაა კაფსულარული კონტრაქტურის [იმპლანტის ირგვლივ შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულის წარმოქმნა] ჩამოყალიბებისა და ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომის განვითარების რისკი, ყველას არ ჰქონია.

ავტორები მიიჩნევენ, რომ ზემოხსენებული პაციენტსა და ექიმს შორის ან ცუდი კომუნიკაციის, ან საერთოდ, ექიმების მხრიდან გულგრილობის ბრალია.

“ექიმს ვთხოვე, რომ ცოტათი, ლაზერით ამოეღოთ და ისე აგრესიულად მიპასუხა… რაო, გათხოვებას აპირებ კიდევ და მკერდი გინდაო? გულისტკივილი მქონდა მაშინ, ცრემლებიც წამომივიდა და აღარ მინდოდა შევდავებოდი,”- ამბობს კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტი. სხვები კი დასძენენ, რომ ექიმთან საუბრისას გვერდითი მოვლენები არც გახსენებიათ, ვინაიდან სიცოცხლის შენარჩუნების გარდა არაფერზე ფიქრობდნენ. ყველა ქალი ამბობს, რომ რეკონსტრუქცია და იმპლანტი ინდვიდუალური გადაწყვეტილებაა და ეს არჩევანი ქალის ნაცვლად  სხვამ არავინ უნდა მიიღოს.

“იმპლანტი მჭირდებოდა ჩემთვის, რომ უფრო სრულყოფილად და თამამდ მეგრძნო თავი. მასტექტომია არის ძალიან რადიკალური გადაწყვეტილება, მაგრამ სიცოცხლე უპრატესია.

[ის, ვინც გადაწყვეტს, რომ არ გაიკეთოს იმპლანტი] ერთი წამითაც არ შეყოყმანდეს, ერთი წამითაც არ დაკარგოს სრულყოფილების გრძნობა, ერთი წამითაც არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის არ არის ქალი. მკერდი არ წყვეტს ქალურობას. ქალურობა მოდის შიგნიდან, თუ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი პარტნიორია – თუ პარტნიორს უყვარხარ, მკერდის გარეშეც უნდა უყვარდე,” – ყვება ნესტან ჩხიკვაძე.

პროცედურის ირგვლივ, სხვა საკითხებთან ერთად, კვლევის ავტორები ხაზს ძუძუს გაუგრძნობელობის თემასაც უსვამენ. მკვლევრებმა რესპონდენტებს ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ ძუძუს არეში ოპერაციის შემდგომ მგრძნობელობას დაკარგავდნენ. გამოკითხული 15 ქალიდან ათმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდათ (ექიმის მიერ მიწოდებული, ახლობლების გამოცდილებიდან), ოთხს კი ეს ინფორმაცია არ გააჩნდა.

გამოკითხული ქალების სხვა ნაწილი კი ამბობს, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მათ კითხვების დასმა, მით უმეტეს, კაც ექიმებთან ერიდებათ და სწორედ ამიტომ, ხშირად ელექტორნულ მიმოწერას მიმართავენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რასაც გამოკითხული ქალების უმეტესობა აღიარებს, ფსქიოლოგიური მხარდაჭერა და თანადგომაა. ქალები ამბობენ, რომ იქნება ეს ოჯახი, მეგობრები თუ სხვა არაფორმალური ჯგუფი, სადაც ემოციების გაზიარების რესურსი ექნებათ, მათთვის, რიგ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარებაა.

„არ დაინანონ მკერდის მოჭრა, თუ მოსაჭრელია, მთავარი ცხოვრებაში არ არის მკერდი… ჩვენ ვიცით, უმკერდო ადამიანები როგორ პოზიტიურად [ცხოვრობენ], ახალგაზრდები, მით უმეტეს, ბავშვებს აჩენენ და ცხოვრებას აგრძელებენ. მთავარი არის სიცოცხლე, ოჯახი, შვილები. მკერდი − ეს არ არის მთავარი“; „არცერთი ძუძუ და არაფერი საერთოდ არ ღირს იმად, რომ ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე“.

კვლევაში მონაწილე რესპოდენტი ქალები და მკვლევრები ერთხმად ამბობენ, რომ ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს სკრინინგი. ქალები დასძენენ, რომ მიუხედავად შიშისა თუ საზოგადოებრივი სტიგმისა, ინფორმირებულობა დაავადების დამარცხების საწინდარია.

“ძუძუ ქალურობასთან ასოცირდება, სექსუალურობასთან და თუნდაც, დედობასთან. ამ ძალიან ბევრი დატვირთვისა და საზოგადოების განწყობის გამო ქალები დიაგნოზის დასმის შემდეგ იკეტებიან, თემა კი, სამწუხაროდ, ტაბუირებული ხდება. ეს განსაკუთრებით რეგიონებში ფიქსირდება. ქალები, სამწუხაროდ, ხშირად თვლიან, რომ მასტექტომიის შემდეგ არასრულფასოვნები და დამახინჯებული არიან, რაც რეალურად სიმართლე არ არის. ძუძუ ქალი არ არის.

ყველა ქალს ვურჩევდი, რომ აუცილებლად, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს სკრინინგი. ეს არის ყველაზე მთავარი. დიაგნოზის შემდეგ კი აუცილებელია ჯანსაღი და გონივრული მიდგომა დაავდების მიმართ. კიბო არ არის განაჩენი. ქალები კი არ უნდა დანებდნენ, სწორად გადაანაწილონ თავიანთი რესურსი და ბოლომდე მოიკრიბონ ძალა. ისინი ძლიერები უნდა იყვნენ და ექიმებთან ერთად სწორად წარმართონ მკურნალობის ყველა ეტაპი. არდანებება და ყურადგება – ეს არის დაავადების დამარცხების საწინდარი,” – ამბობს ანა მაზანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი