ახალი ამბები

WHO საქართველოს მოუწოდებს, ელ-სიგარეტზე რეგუალციები შეინარჩუნოს

29 იანვარი, 2019 • 3192
WHO საქართველოს მოუწოდებს, ელ-სიგარეტზე რეგუალციები შეინარჩუნოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს ურჩევს, დაიცვას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ზეგავლენისგან. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია მოქმედი კანონმდებლობის და სახელმწიფო პოლიტიკის სათანადოდ დაცვა, მათ შორის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნება.

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, საქართველოში კი, უფრო გვიან, თუმცა სწრაფადვე გახდა მასშტაბური მოხმარების პროდუქტი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2016 წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, 13-15 წლის ბავშვებში თამბაქოს მოხმარება შეისწავლა. კვლევით დადგინდა, რომ ამ ასაკის ბავშვების 12,6% ჩვეულებრივ სიგარეტს, ხოლო 13,2% ელექტროსიგარეტს რეგულარულად მოიხმარს.

“აღსანიშნავია, რომ ელექტროსიგარეტების მომხმარებელ ბავშვთა 40%-ს არასოდეს გაუსინჯავს თამბაქოს სხვა ნაწარმი, ხოლო 39% მასთან ერთად რეგულარულად მოიხმარს სხვა თამბაქოსაც. ეს ციფრები პრობლემის ხასიათსა და მასშტაბზე მიგვანიშნებს, – ე.წ. ახალი თამბაქოს ნაწარმი და ელექტროსიგარეტები, სავარაუდოდ, მომხმარებელთა ახალ სეგმენტებს იზიდავს და ხშირად მოწევის დაწყების საშუალებაა, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ზრდის ნიკოტინდამოკიდებულების მასშტაბებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა მიიღო, მასში ასახული თანამედროვე მიდგომების გამო, ხშირად უწოდებენ „ახალი თაობის“ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას, რაც მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითოა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთ შეფასებას ე.წ. ელექტროსიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციაც განაპირობებს:

“საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის, დახლებზე გამოფენა, რეგულირდება მათი რეალიზაციის წესები და სხვა. რეგულაციების მიზანია საქართველოში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირება და აღმოფხვრა”, – წერია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იმის გამო, რომ აღნიშნული პროდუქტები შედარებით ახალია, ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ეფექტები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი შეიცავენ და/ან მოხმარებისას გამოყოფენ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე ნივთიერებებს.

ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებების მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს პროდუქტები მოწევაზე თავის დანებების საშუალებაა, რადგან მათ შემადგენლობაში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს.

ამასთან, შეიცავენ სხვა ისეთ ნივთიერებებსაც (მ.შ. კანცეროგენები), რომელთაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და, შესაბამისად, დამოუკიდებელ კვლევებს საჭიროებენ:

“აღსანიშნავია, რომ ელექტროსიგარეტებს და გასახურებელ თამბაქოს მრავალ პროდუქტს ფლობს ის კომპანიები, რომლებიც წარსულში უპირატესად სიგარეტს აწარმოებდნენ. უკვე არსებული მონაცემების თანახმად, ეს ახალი პროდუქტები თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გვერდით ავლის და თამბაქოს მოხმარების რენორმალიზაციისთვის გამოიყენება, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – წერია განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს, გასახურებელი თამბაქო დაარეგულირონ თამბაქოს სხვა პროდუქტების მსგავსად, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. თუმცა, ორგანიზაციის თქმით, ეს არ გამორიცხავს ქვეყნების მიერ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მათ სრულ აკრძალვასაც.

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თანხვდება და პასუხობს გლობალურ ტენდენციებს და ასახავს დღეს არსებული ცოდნის დონეს ელექტრონული სიგარეტების და მსგავსი პროდუქტების პოტენციური რისკების შესახებ. ეს ეფექტური გზაა ახალგაზრდების და ბავშვების,
არამწვლების და სხვათა მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის დაწყების პრევენციისათვის. ამ პროდუქტების მიმართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უფრო მკაცრი რეგულაციებიც აქვს, 32 ქვეყანაში ისინი აკრძალულია.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დადებითად შეხვდა თამბაქოს კონტროლის ახალ რეგულაციებს და ბოლო მონაცემებით, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის ნაწილში 85%-იანი, ხოლო რეკლამის აკრძალვის ნაწილში კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. კანონის აღსრულების მაჩვენებელი მაღალია ყველა ძირითადი მიმართულებით: დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის, რეკლამის და
პოპულარიზაციის აკრძალვის, ვაჭრობის რეგულირების ნაწილებში”, – წერია განცხადებაში.

WHO-ს შეფასებით, ამ კანონმდებლობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. კერძოდ, განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, მწეველთა და მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა კლებულობს, ხოლო არამწეველთა ექსპოზიცია თამბაქოს მეორადი კვამლისადმი მკვეთრად შემცირდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ამ ცვლილებების ეფექტს უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობის ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა დაავადების და სიკვდილობის შემცირება, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მდგრადობა, რათა ტენდენციები შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.

“აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის საინვესტიციო შემთხვევის ანალიზის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებებით და რეგულაციებით ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე გადარჩება და 15-წლიან პერსპექტივაში 3,6 მილიარდი ლარი დაიზოგება.
თამბაქოს ინდუსტრია და მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ კანონი შეასუსტონ, ან მისი ეფექტური დანერგვა ჩაშალონ. ასეთი მცდელობები წარსულშიც ყოფილა და უამრავ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ხშირად, ამ მხრივ, სწორედ გასახურებელი თამბაქოს და ელექტროსიგარეტების საკითხები გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან დაცვა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის 5.3 მუხლის მოთხოვნაა, რომლის სრულად დანერგვის პასუხისმგებლობა საქართველომ აიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მისი ოფიციალურად დამტკიცებისა და რეალიზაციისკენ მოვუწოდებთ” ,- წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი