ახალი ამბები

გაერო შეშფოთებულია საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შესაძლო შემცირებით

18 მარტი, 2024 • 618
გაერო შეშფოთებულია საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შესაძლო შემცირებით

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის გამო, რომელიც თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად.

გაეროს შეფასებით, აღნიშნულმა ცვლილებმა შესაძლოა, ერთი მხრივ, იმ მიღწევებს გადაუსვას ხაზი, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევით მიაღწია თამბაქოს კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების გზაზე, მეორე მხრივ კი, განაგრძოს თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან პოლიტიკის შემუშავებაში ჩარევის შემაშფოთებელი ტენდენცია.

„ეს ინიციატივა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ქვეყნის ეკონომიკას და მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნესინტერესებს ემსახურება“, — ნათქვამია გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.

გაერო ხაზს უსვამს, რომ 2017-2019 წლებში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობასა და საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია — მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი მოიხმარს თამბაქოს.

გაეროს განვითარების პროგრამის/ჯანმოს/დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2017 წლის „თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევის“ კვლევის თანახმად, თამბაქოს გამო გაწეული ჯანდაცვის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების შედეგად მიღებული წლიური ზარალი, რაც ნაადრევი სიკვდილობის, შეზღუდული შესაძლებლობის და სამუშაო ადგილებზე დანახარჯებთანაა დაკავშირებული, 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც საქართველოს მშპ-ს 2.4%-ის ეკვივალენტურია, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 11 400-ს აჭარბებს.

გაეროს მიერ საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტზე გადასახადის გაზრდით შეიძლება თავიდან იქნას აცილებული 2,2 მილიარდი ლარის ეკონომიკური ზარალი და ჯანდაცვის ხარჯები 15 წლის განმავლობაში, ხოლო თამბაქოზე გადასახადის გაზრდაში ჩადებული ყოველი 1 ლარის სანაცვლოდ საქართველოს ეკონომიკა მიიღებს 221 ლარის მოგებას.

„ძნელია მოიძებნოს რომელიმე სხვა პოლიტიკა, რომელსაც ინვესტიციაზე ასეთი შთამბეჭდავი უკუგება ექნებოდა და ამგვარი პოლიტიკის საპირისპირო მიმართულებით შემობრუნება ცუდი საინვესტიციო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის… შემოთავაზებული ცვლილებები არა მარტო ჯანმრთელობას მოუტანს ზიანს, არამედ ეკონომიკასაც დაასუსტებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკას თამბაქოს მოხმარების შემცირების შესახებ — აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან განსხვავებას გააჩენს თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის ფასებს შორის, რაც ბაზარზე იაფი თამბაქოს დაბრუნებას შეუწყობს ხელს და მოხმარებას გაზრდის.

გაერო ასევე მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ისეთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორიცაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენცია“, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

კანონპროექტი

საგადასახადო კოდექსში ინიციირებული ცვლილებებით აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, ელგუჯა გოცირიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი