არქივი: ნაციონალისტური მარში ვარშავაში. ფოტო: EPA/Marcin Obara

“იბრძოლეთ ევროპისთვის” — მილან კუნდერა, სალმან რუშდი, ორჰან ფამუქი და სხვები | მანიფესტი

“იბრძოლეთ ევროპისთვის, თორემ მავნებლები მას გაანადგურებენ” — ასე ჰქვია მანიფესტს, რომელიც ფრანგულ გაზეთ “ლიბერასიონში” (Libération) გამოაქვეყნეს ცნობილმა ევროპელმა ინტელექტუალებმა, რომელთა შორის არიან მილან კუნდერა,  სალმან რუშდი,  ელფრიდე იელინეკი, ბერნარდ ანრი-ლევი და  ორჰამ ფამუქი.

მანიფესტს, ავტორების გარდა, ხელს აწერს კიდევ 25 ადამიანი, მათ შორის ნობელიანტი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა, პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი ენ ეპლბაუმი, ჟურნალისტი და მწერალი ადამ მიხნიკი, იტალიელი მწერალი რობერტო სავიანო და ა.შ. ნეტგაზეთი გთავაზობთ წერილის ქართულენოვან თარგმანს.

იბრძოლეთ ევროპისთვის, თორემ მავნებლები მას გაანადგურებენ

კონტინენტი, 1930-იანი წლების შემდეგ, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მოვუწოდებთ ევროპელ პატრიოტებს, ნაციონალისტების აგრესიულ თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწიონ.


ევროპის იდეა საფრთხეშია. მას ყველა მხრიდან აკრიტიკებენ, შეურაცხყოფენ და ღალატობენ.

საკმარისია “ევროპის შენებაო”, — ასეთია მოწოდება. “მოდით, ჩვენს ეროვნულ სულს დავუბრუნდეთ. ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი დაკარგული იდენტობა”, — აი, ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც კონტინენტს მოდებული პოპულისტური ძალები იზიარებენ. თითქოს ისეთი აბსტრაქციები, როგორიც “სული” და “იდენტობაა”, ხშირად მხოლოდ დემაგოგთა წარმოდგენაში არ არსებობდეს.

პოლონელი ნაციონალისტები პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს მარშირებენ სლოგანით “პოლონეთი პოლონელებისთვის”11.11.2015. ფოტო: EPA/MARCIN OBARA POLAND OUT

ევროპას თავს ესხმიან ზიზღით მთვრალი, ყურადღების ცენტრში მოსახვედრად ყველაფერზე წამსვლელი ცრუ წინასწარმეტყველები. იგი მიატოვა ორმა ძლიერმა მოკავშირემ, — ერთმა სრუტის*, მეორემ კი ატლანტის* გადაღმა, — რომელთაც წინა საუკუნეში ორჯერ იხსნეს თვითმკვლელობისგან; კონტინენტი შიშით შესცქერის კრემლში მოკალათებულთა სულ უფრო და უფრო ურცხვ ჩარევას საშინაო საქმეებში. ევროპა, როგორც იდეა, ჩვენს თვალწინ ნაწილებად იშლება.

ასეთი შხამიანი კლიმატის პირობებში ჩატარდება მაისში ევროპის საპარლამენტო არჩევნები*. თუკი რაიმე არ შეიცვლება; თუკი რაიმე არ გამოჩნდება, რაც აბობოქრებულ, დაუოკებელ ტალღებს ჩააცხრობს; თუკი წინააღმდეგობის სული არ გამოჩნდება, ამ არჩევნებს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაზე კატასტროფული იქნება, რაც კი ოდესმე გვინახავს. ეს არჩევნები გამარჯვებულად აქცევს მავნებელთ. ისინი, ვისაც კვლავაც სჯერათ ერაზმუსის, დანტეს, გოეთესა და კომენიუსის მემკვიდრეობისა, სამარცხვინო დამარცხებას იწვნევენ. ტრიუმფს მოიპოვებს გონიერებისა და კულტურის ზიზღით გაჯერებული პოლიტიკა; ქსენოფობია და ანტისემიტიზმი აფეთქდება; კატასტროფა დაგვატყდება თავს.

ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, მათ შორის ვართ, ვინც უარს ამბობს, მოსალოდნელ კატასტროფას შეეგუოს.

თავს ვთვლით ევროპელ პატრიოტებად (ჯგუფად, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე დღესდღეისობით ფიქრობენ, თუმცა კი ხშირად მდუმარე და მომავალზე ხელჩაქნეული), რომელთაც ესმით, რა დევს სასწორზე. ფაშიზმის დამარცხებიდან საუკუნის სამი-მეოთხედის, ბერლინის კედლის ჩამონგრევიდან 30 წლის შემდეგ, ცივილიზაციისთვის ახალი ბრძოლაა გაჩაღებული.

ჩვენი მრწამსი იმ დიადი იდეიდან საზრდოობს, რომელიც ანდერძად მივიღეთ; რომელიც, გვჯერა, იმდენად ძლიერია, რომ ევროპის ხალხს საკუთარ თავზე, ბრძოლებით აღსავსე წარსულზე მაღლა დააყენებს. გვჯერა, რომ იგი ერთადერთ ძალად რჩება, – მართალ ძალად, — რომელსაც ძალუძს, გაუმკლავდეს ტოტალიტარიზმის ახალ ნიშნებს, რომელთაც ბნელ ეპოქათა ძველი ტკივილები სდევს თან. ის, რაც სასწორზე დევს, დანებების უფლებას არ გვაძლევს.

აქედან გამომდინარე, გიწვევთ, შემოუერთდეთ ახალ მოძრაობას;

აქედან გამომდინარე, სანამ არჩევნები — რომლის შეტოვებასაც არ ვაპირებთ ევროპული იდეის მესაფლავეთათვის – კარს მოგვდგომია, მოქმედებისკენ მოგიწოდებთ;

მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ აიღოთ ხელში ევროპის ჩირაღდანი; ევროპისა, რომელიც, თავისი შეცდომების, მანკიერებების, ზოგჯერ სიმხდალის მიუხედავად, პლანეტის ყველა თავისუფალი კაცისა და ქალისთვის იმედისმომცემ შუქურად რჩება.

ჩვენმა თაობამ შეცდომა დაუშვა. მე-19 საუკუნეში გარიბალდის* მიმდევართა მსგავსად, რომლებიც მანტრასავით იმეორეობდნენ, იტალია თავს თვითონ გადაირჩენსო, დავიჯერეთ, რომ კონტინენტი თავისით გაერთიანდებოდა, ჩვენ კი მისთვის ბრძოლა ან შრომა არ დაგვჭირდებოდა. თავს ვირწმუნებდით, რომ ეს იყო “ისტორიის გეზი”.

ამ ძველ რწმენაზე ხელი უნდა ავიღოთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. უნდა ვიბრძოლოთ ევროპის იდეისათვის, თუ არადა, ვუყუროთ, როგორ მოექცევა პოპულიზმის ტალღებს ქვეშ.

უნგრული ნაციონალისტური პარტია “იობიკის” აქცია ევროპის წინააღმდეგ.14.01.2012. ფოტო: EPA/SZILARD KOSZTICSAK HUNGARY OUT

ნაციონალისტური, იდენტობას გამოკიდებული აგრესიული თავდასხმის პასუხად ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ აქტივიზმის სული, ან შევეგუოთ, რომ ღვარძლი და მძულვარება გარს შემოგვეხვევა და მორევში ჩაგვითრევს. სასწრაფოდ უნდა შემოვკრათ განგაშის ზარები გონისა და სულის მეცეცხლურთაგან თავდასაცავად, რომელთაც სურთ, ჩვენი თავისუფლებებით დაანთონ კოცონი პარიზიდან რომამდე, — ბარსელონის, ბუდაპეშტის, დრეზდენის, ვენისა და ვარშავის გავლით.

ევროპის ჰორიზონტს შემოპარული ამ უცნაური მარცხის ფონზე, ევროპული ცნობიერების ახალი კრიზისის ფონზე, რომელიც დანგრევას უქადის ყველაფერს, რაც ჩვენს საზოგადოებას აკეთილშობილებდა, ღირსეულსა და წარმატებულს ხდიდა, — 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა გვიდგას წინ: თავდასხმა ლიბერალურ დემოკრატიასა და მის ღირებულებებზე.


ხელმომწერები: ვასილის ალექსაკისი (ათენი), სვეტლანა ალექსიევიჩი (მინსკი), ენ ეპლბაუმი (ვარშავა), იენს კრისტიან გრონდალი (კოპენჰაგენი), დევიდ გროსმანი (იერუსალიმი), აგნეშ ჰელერი (ბუდაპეშტი), ისმაილ კადარე (ტირანა), გეორგი კონრადი (დებრეცენი), ანტონიუ ლობუ ანტუნეში (ლისაბონი), კლაუდიო მაგრისი (ტრიესტი), იან მაკევანი (ლონდონი), ადამ მიხნიკი (ვარშავა), ჰერტა მიულერი (ბერლინი), ლუდმილა ულიცკაია (მოსკოვი), რობ რიმენი (ამსტერდამი), ფერნანდო სავატერი (სან სებასტიანი), რობერტო სავიანო (ნეაპოლი), ეუჯენიო სკალფერი (რომი), სიმონ შამა (ლონდონი), პიტერ შნაიდერი (ბერლინი), აბდულა სიდრანი (სარაევო), ლეილა სლიმანი (პარიზი), კოლმ ტოიბინი (დუბლინი), მარიო ვარგას ლიოსა (მადრიდი), ადამ ზაგაევსკი (კრაკოვი);

25 იანვარი, 2019 წელი


  • *ლა-მანშის სრუტე — სრუტე, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთს აკავშირებს, ანუ ჰყოფს კონტინენტურ ევროპას დიდი ბრიტანეთისაგან; პირველ მეგობარში სწორედ ბრიტანეთი იგულისხმება;
  • *ატლანტის ოკეანე; მეორე მეგობარში იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატები;
  • *ევროპარლამენტის არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისსაა ჩანიშნული; 28 ქვეყნაში მცხოვრები დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ევროპარლამენტში 705 დეპუტატს აირჩევს;
  • *ჯუზეპე გარიბალდი — იტალიის სახალხო გმირი, XIX ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი;
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com