ახალი ამბები

ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

23 იანვარი, 2019 • 1219
ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 23 იანვარს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

“საქართველოს გზა ნატოში ინტეგრაციისაკენ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენს არჩევანს ასახავს”, — როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ასე განაცხადა ზურაბიშვილმა სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, “პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატოსთან”.

სტოლტენბერგმა საქართველოს უწოდა ნატოს “ძალიან ღირებული პარტნიორი”  და თქვა, რომ საქართველოს “დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საქმეში”. გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს ნატოსთან ინტეგრაციის გზით სიარული.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

“ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს მათი აღიარება და საკუთარი სამხედრო ძალები გაიწვიოს ორივე რეგიონიდან”.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში “მეტი უსაფთხოება” და “მეტი სტაბილურობა” სჭირდება:

“ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და, რა თქმა უნდა, გვჭირდება მეტი უსაფრთხოება, მეტი სტაბილურობა შავ ზღვაში. ჩვენთვის საკმარისია ისიც, რომ გვაქვს საერთო საზღვარი, რომელიც დაძაბულობისა და ზოგჯერ დაპირისპირების ხაზიცაა. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შავი ზღვა იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ზღვა, რომელიც გვაკავშირებს ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო გეგმავს, 2019 წელს მიიღოს “საქართველო-ნატოს წვრთნები, სამხედრო კომიტეტი, თქვენი [სტოლტენბერგის] ვიზიტი”.

ეს პრეზიდენტის რანგში ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია ბრიუსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი