თავისუფლება აღარ კმარა, სიცოცხლეც უნდა გავწიროთ – ჰუსეინოვი მეათე დღეა ციხეში შიმშილობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი, რომელიც 2017 წლიდან დაპატიმრებულია, ახალი ბრალდების წაყენების გამო, მეათე დღეა, შიმშილობს. ამის შესახებ ის გუშინ, 4 იანვარს ესაუბრა ადვოკატს და აღნიშნა, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

მისი თქმით, მზადაა, სიცოცხლე გასწიროს და ამით მიიქციოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება შემდგომი მოქმედებისთვის. ჰუსეინოვის ადვოკატი,  შაჰლა ჰუმბათოვა, ავრცელებს ჟურნალისტის პასუხს თხოვნაზე, შიმშილობა შეწყვიტოს. პასუხი ასეთია:

“მე არ შევწყვეტ შიმშილს. ჩემი პატიმრობის ვადა 2 მარტს იწურება. თუ ამ დღეს არ გამათავისუფლებენ, რაიმეს მოვიმოქმედებ. არა იმიტომ, რომ პატიმრობის მეშინია [ან], ვშიშობ ციხეში კიდევ 5-6 წლით დარჩენას, არა იმიტომ, რომ სუსტი ვარ. ჩემს ბრძოლაში თავს ახლა უფრო ძლიერად ვგრძნობ. ყალბი ბრალდებების წინაშე მდგომმა ასობით პოლიტიკურმა პატიმარმა გაწირა თავისუფლება, მაგრამ ამ თავგანწირვას არაფერი შეუცვლია. სიტუაცია ისევე ცუდია, როგორც ადრე იყო, თუ არა უარესი. ეს ნიშნავს, რომ უფრო შორს უნდა წავიდეთ და უფრო მაღალი ფასი გადავიხადოთ ცვლილებების მისაღწევად. ეს ნიშნავს, რომ თავისუფლების გაწირვა აღარაა საკმარისი, ჩვენ ჩვენი სიცოცხლე უნდა გავწიროთ. მე მზად ვარ. ჩემი სიკვდილი, ალბათ, შეარხევს საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ უბიძგებს; ამის შემდეგ, რაც მათ [ხელისუფლებამ] მე გამიკეთეს, სხვას, ალბათ, ვეღარ გაუკეთებენ. ეს უნდა დასრულდეს, რადაც უნდა დაჯდეს. სხვა გზას ვერ ვხედავ”.

გასული წლის 26 დეკემბერს, აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტსა და ბლოგერს, მეჰმან ჰუსეინოვს, ციხიდან გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი ბრალი წაუყენეს — პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მასზე თავდასხმა. შესაბამისი მუხლი 5-დან 7-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ადვოკატებს ჟურნალისტის მონახულების საშუალება პირველად, შიმშილობის დაწყებიდან მესამე დღეს, 28 დეკემბერს მიეცათ, კიდევ ერთხელ კი ერთ-ერთმა მათგანმა, შაჰლა ჰუმბათოვამ ის 4 იანვარს ინახულა. ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰუსეინოვი სუსტადაა, თუმცა თავს აკონტროლებს; ტუჩები გამომშრალი და დალურჯებული აქვს, თვალების გახელა და საუბარი უჭირს, წყალს კი მინიმალური რაოდენობით ან საერთოდ არ სვამს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალი ბრალდების მიზეზი ჰუსეინოვის მხრიდან ციხეში ლეიტენანტ ალი აბდალოვზე თავდასხმა გახდა. ჟურნალისტის ადვოკატის ცნობით, ჰუსეინოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აბდალოვს არც კი მიახლოებია. ადვოკატები ითხოვენ იმ ოთახის სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ჩვენებას, სადაც, ოფიციალური პირების მტკიცებით, ფაქტი მოხდა.

თავდაპირველად, ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს მიუსაჯა სასამართლომ 2 წლით პატიმრობა. აპრილში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის – “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური რეპორტიორია.

კიდევ ერთი ორგანიზაციის, „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების“ ინსტიტუტის (IRFS-ის) ცნობით, ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება აზერბაიჯანში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე.

მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ – “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნა”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰუსეინოვისა და მის მიერ დაპატიმრებული სხვა ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების გათავისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია სთხოვს, მათ შორის “ამნესტი ინთერნეიშენალი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან