ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის შეწყალება საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს – მეუფე ზენონი

5 იანვარი, 2019 • 2218
დეკანოზ მამალაძის შეწყალება საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს – მეუფე ზენონი

დმანისი-ტაშირისა და ბრიტანეთ-ირლანდიის მიტროპილიტი, მეუფე ზენონი ე.წ. ციანიდის საქმესა და აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეზე წერს. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ დეკანოზის შეწყალება საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

“ადრე განვაცხადე და კვლავ მინდა გავიმეორო: არ ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. არც ის ვიცი, რამდენად დამნაშავეა ან უდანაშაულო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საპყრობილეში მისი ყოფნა, მითუმეტეს “მკვლელობის მცდელობის” ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში.

ჩემი სინდისის ხმით ვაცხადებ: ვფიქრობ, დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას”,  – წერს ის.

მიტროპოლიტი განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე ქვეყნისათვის “შავ ლაქაა”, რომელმაც, მისი თქმით, მრავალ ადამიანს გაუჩინა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა.

“თავს ვერ დავაღწევთ იმას, რომ ე. წ “ციანიდის საქმე” თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის, ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას. მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი “შესაძლო მსხვერპლის” ვერსია მისთვის არადამჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გარემოებით ზოგიერთისთვის დეკ. გიორგი მამალაძე “სიმართლისათვის დევნილია” და ზოგიერთისათვის “ცოდვილთა შორის ცოდვილი” “, – წერს სასულიერო პირი.

ე.წ. “ციანიდის საქმე” გასულ კვირას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდში დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენებას სინოდის 28 ოქტომბრის სხდომაზე, როგორც თავად ამბობს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე შეეცადა, რომელიც მამალაძის მიმართ განაჩენს “ანტისახელმწიფოებრივს” უწოდებს, თუმცა, მისივე განცხადებით, მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

“როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მისთვის “საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ”.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ ილია მეორისადმი გაჟღერებულ კრიტიკას ქორეპისკოპოსი იაკობი ეხმაურება. „არ ვაპატიებ არავის პატრიარქის ღირსების შელახვას“ – განაცხადა მან.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი