მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის წლისთავზე პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართა

“არანაირი გეგმა სახელმწიფოს არ აქვს, ჯერ გამოძიებული ხომ უნდა ჰქონოდათ რაიმე, სანამ შვილს დამიხვრიტეს. რის საფუძველზე დამიხვრიტეს? რა ჰქონდათ დანაშაული? ამის შემდეგ რაღა გამოიძიონ? ამათ გამოძიებას არანაირი აზრი არ აქვს,” – თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილმა დღეს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე.

სწორედ დღეს, 26 დეკემბერს, თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრიდან 1 წელი გავიდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან აქციაზე შეიკრიბნენ.

“დღევანდელი დღე არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მტკივნეულია იმიტომ, რომ დღესაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ერთმანეთს აბრალებენ, რატომ ჩაიდინეს ეს მკვლელობა და ეს დანაშაული. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად ვიცით, ამ ხელისუფლების ხელში ამ საქმის გამოძიება შეუძლებელი გახდა. დღეიდან მე ვეცდები ეს ამბავი გავიტანო მსოფლიოს ყველა კუთხეში და მივაღწიო სამართალს,” – ამბობს ჟურნალისტებთან მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ამ პროცესში ყველა დაინტერესბული მხარე, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები, უნდა ჩაერთოს, რათა სახელმწიფომ აღიაროს, რომ მან შეცდომა დაუშვა და დააშავა.

“უნდა იყოს დასჯილი გომელაური, გოგაშვილი და ყველა ის პირი, ვინც იმ დღეს ჩემს სახლში იყო,”- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აქციას მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც ესწრებოდა. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ოჯახი ითხოვს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ოჯახმა გააკეთა ყველაფერი, თუმცა მიიღო არაფერი.

“ჩვენი ინტერესი საგამოძიებო კომისიის შექმნაში არის ის, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა ექნება პროცესს, აღარ იქნება კითხვები და ჩვენ, როგროც მხარეს, გვექნება წწვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენთვის ამჟამად დახურულია,” – ამბობს ადოვოკატი.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ, სწორედ 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით  დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

ბოლო რამდენიმე თვეა, თემირლანის სიკვდილს აქციებით აპროტესტებს მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. პროსტესტი პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ორივე საქმეზე ითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

ამავე თემაზე:

ექსპერტიზის ბიურო ვერ ბედავს თქვას, რა მდგომაროებაში ესროლეს მაჩალიკაშვილს – ადვოკატი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან