ფეისბუკს მეორე ტურის წინ დისკრედიტაციისა და ყალბი ამბებისთვის იყენებდნენ – კვლევა

მადისკრიმინირებელი განცხადებები, საჯარო მოხელეების აქტივობა, ყალბი ანგარიშები  და ფეიქ ნიუსები – ეს ის დამახასიათებელი ნიშნებია, რომლებიც ISFED-მა საპრეზიდენტო არჩენვების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგით გამოავლინა.

“სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით”, კვლევის მონაცემებში შევიდა საპრეზიდენტო კანდიდატების, პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის 19 ოფიციალური გვერდი, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და აჭარის ა/რის ორგანოების 98 ოფიციალური გვერდი, 65 მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი თანამდებობების მქონე 676 საჯარო მოხელის პირადი პროფილი და მადისკრედიტირებელი ხასიათის 160 ფეისბუქ გვერდი.

კვლევის ავტორების თქმით, მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუკი არა მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისთვის, არამედ ორგანიზებული და მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანიებისათვის გამოიყენებოდა. ISFED-ის დაკვირვებით, სოციალურ მედიაში პოლიტიკური ჯგუფების აქტივობამ და ნეგატიურმა კამპანიამ უფრო მეტად აგრესიული სახე მიიღო და გასამმაგდა დისკრედიტაციული გვერდების რაოდენობა.

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, წინსაარჩევნო პერიოდში 160 მადისკრიმინირებელი გვერდიდან 43 სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, 72 კი, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ზემოხსენებულ გვერდებში შევიდა 8 მოჩვენებითი მხარდამჭერი გვერდი, 19 ყალბი მედიასაშუალება და 23 ულტრანაციონალისტური გვერდი.

მათივე ინფორმაციით, გვერდების მეშვეობით ფეისბუკზე 11 547 პოსტი გავრცელდა, რომელთაგან 8 383 სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო, ხოლო 3 164 – გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ.

რაც შეეხება დასპონსორებულ პოსტებს, ISFED-ის კვლევის მონაცემების მიხედვით, დასპონსორებული პოსტებიდან 282 გროგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო, ხოლო 28- სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

“მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემი გახდა ორგანიზებული ურთიერთშეტევა და საპირისპირო მხრიდან მომავალი დისკრედიტაციული გზავნილების საპასუხო დისკრედიტაციული კამპანიების წარმართვა.

თუ გრიგოლ ვაშაძის მოწინააღმდეგე გვერდების მიერ აქტიურად ვრცელდებოდა POSTV-ის ვიდეოკამპანია #არამიშას, სადაც მოქალაქეები ენმ-ის მმართველობის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე საუბრობდნენ, საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე გვერდებმა წამოიწყეს კამპანია #არასალომეს. ამ კამპანიის ფარგლებში ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ინტერესების გამტარებლად და მოღალატედ მოიხსენიებდნენ, მისი მთავარსარდლობა კი დაუშვებლად მიაჩნდათ,” – ამბობს ISFED.

რაც შეეხება ულტრანაციონალისტურ გვერდებს, პირველი ტურის შემდგომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააქტიურდნენ ულტრანაციონალისტური ნარატივების გამავრცელებელი გვერდები. მათი აქტივობა, ასევე, მოიცავდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებს.

“სამართლიანი არჩევნების” კვლევაში ნახსენებია საჯარო მოხელეების აქტივობაც. ორგანიზაციის თქმით, წინასაარჩევნოდ ხშირი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში სოციალური ქსელების მეშვეობით აგიტაციის გაწევით საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტები – მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ და ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ აგიტაციაში მეორე ტურის განმავლობაშიც კვლავაც აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები.

“სამართლიანმა არჩევნებმა” პირველი და მეორე ტურების საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, 5-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით და 15-დან 27 ნოემბრამდე პერიოდში, მთლიანად, სამუშაო საათებში აგიტაციის წესის დარღვევა გამოავლინა 62 საჯარო მოხელის მხრიდან 30 მუნიციპალიტეტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან