ტრამპის ყოფილ ადვოკატ მაიკლ კოენს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს,  12 დეკემბერს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კოენი ტრამპის ახლო გარემოცვიდან პირველი ადამიანია, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს.

BBC-ის ცნობით, კოენმა რამდენიმე დანაშაული აღიარა, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდება, კონგრესის მოტყუება და კანონდარღვევები კამპანიის დაფინანსებისას.

სასამართლო დარბაზში კოენმა, რომელსაც ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ ტრამპისთვის ტყვიასაც კი გადაეღობებოდა, მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი.

52 წლის კოენმა მოსამართლეს უთხრა, რომ მისი სისუსტე “ტრამპისადმი ბრმა ერთგულება” იყო და ფიქრობდა, რომ მისი ვალი იყო “მისი ბინძური საქმეებისთვის ხელის დაფარება”.

გამოძიებას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებსა და ტრამპის გარემოცვას შორის შესაძლო კავშირებს იკვლევს, საგანგებო გამომძიებელი რობერტ მიულერი აწარმოებს. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს კოენი.

კოენს 2019 წლის მარტში განამწესებენ ციხეში.

მაიკ კოენი. ფოტო: EPA-EFE/JUSTIN LANE

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com