ახალი ამბები

პომპეომ ზურაბიშვილის მილოცვაში საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი

11 დეკემბერი, 2018 • 1470
პომპეომ ზურაბიშვილის მილოცვაში საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი

10 დეკემბრის საღამოს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის.

იმავე საღამოს ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პომპეომ ზურაბიშვილს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.

ასევე ეწერა, რომ პომპეომ ზურაბიშვილთან საუბრისას “კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”.

თუმცა ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ იყო მითითებული საუბრის, სავარაუდოდ, ბოლო ნაწილი — რომ მათ ასევე განიხილეს “საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის”.

საუბრის ამ ნაწილის შესახებ ინფორმაცია მოცემულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, რობერტ პალანდინოს, 11 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი