პოლიტიკური ძალებისგან ტრაგედიის პოლიტიზება მიუღებელია – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამავდროულად, უწყება აცხადებს, რომ არ დაუშვებს, რომელიმე სასწავლო დაწესებულება პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს.

“ცალკეული პოლიტიკური ძალებისგან ამ ტრაგედიის პოლიტიზება არის კატეგორიულად მიუღებელი. 2012 წლიდან ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა არის განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს რომელიმე სასწავლო დაწესებულება. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებდით თავს განცხადებებისგან, თუმცა, მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც აზიანებს სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მიაწოდოს დოკუმენტაცია და აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლა მოხდეს.

“კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას და შესაბამის რეაგირებას. სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ “გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მატარებელი მედია უკანასკნელ პერიოდში ყოველდღიურად ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით შეიჭრას საჯარო სკოლებში და ამით დააზარალოს საგაკვეთილო და სასწავლო პროცესები, რაც დაუშვებელია”.

ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, თუ ვინმე ეწევა საკითხის პოლიტიზებას, ეს სწორედ განათლების სამინისტროა.

“აქ ჩვენ სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული. ამ საკითხის პოლიტიზებას თუ რომელიმე მხრიდან ჰქონდა ადგილი, ჰქონდა მათი მხრიდან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი. მე მოვუწოდებ მათ, ვთხოვ, რომ ნუ გააკეთებენ ამ თემაზე სპეკულირებას, შეხედონ როგორც უმძიმეს დანაშაულს, მოითხოვონ გამოძიება”, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ “რუსთავი 2”-თან საუბარში.

განათლების მინისტრის მოადგილემ დღესვე აღნიშნა, რომ სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა და არც განათლების სამინისტროს გაუთავისუფლებია დირექტორი.

თავად სამეურვეო საბჭოს წევრების თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნული დარღვევები დირექტორის გათავისუფლების მიზეზი არ შეიძლება გახდეს. “რადიო ათინათთან” საუბრისას, მასწავლებელი და საბჭოს ერთ-ერთი წევრი შორენა ხობელია ამბობს, რომ შემოწმების დროს სკოლაში წყლის პრობლემა იყო და ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

“სამეურვეო საბჭო შეიკრიბა და განვიხილეთ, რა დასკვნა მოვიდა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო მიღებული. შესაბამისად, შევადგინეთ დოკუმენტი, გავაგზავნეთ და ველოდებით სამინისტროს რეაგირებას. აქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა და რაც დასკვნაში წერია, არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლების მიზეზად ჩაითვალოს”, – აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი.

ია კერზაიას ოჯახი ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექციას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. 26 ნოემბერს შენგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ “არაერთი შეთავაზების მიუხედავად, დედამისი არ გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის “მათიანი”. ამ დროს ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი”.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი