ახალი ამბები

მინდია გოგოჭურს ბრალი წარუდგინეს

7 დეკემბერი, 2018 • 1375
მინდია გოგოჭურს ბრალი წარუდგინეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც ადვოკატები აცხადებენ, გოგოჭურს  პროკურატურა ედავება იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას და დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმე განგებაა დამძიმებული, რათა აღკვეთის ღონისძიებად გოგოჭურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდოს. ადვოკატი საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს:

“საქმე რომ საშინლად დამძიმებულია, მანდ ორი აზრი არ არსებობს. [სსკ-ის] 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, ფაქტობრივად, პრაქტიკაში გამოუყენებადი მუხლია. მეექვსე ნაწილს იყენებენ ძალიან იშვიათად. ჯერ დადგენილი არაა, ვისია იარაღი და უკვე ჯგუფური აქვს ბრალში დადგენილი. ანუ საქმე ისე არის დამძიმებული, რომ ხვალ მოსამართლემ არა გირაო, არამედ პატიმრობა შეუფარდოს. მე აქ პოლიტიკურ სარჩულს უფრო ვხედავ,“ – ამბობს ადვოკატი.

5 დეკემბერს, გვიან ღამით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური კიდევ ერთ პირთან ერთად დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება მეორე დაკავებულ გ.რ-ს, მას სამართალდამცავები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ეძებდნენ.

როგორც შსს აცხადებს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი- დროებითი მოთავსების იზოლატორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი