“ომეგა ჯგუფი” შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანიას უჩივის

“ომეგა ჯგუფი” სასამართლოში უჩივის შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანიას, Security Solution Georgia-ს.

“ომეგა ჯგუფის” მფლობელობაში მყოფი სიგარეტების ქარხნის გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის თქმით, მათი უკანონო ქმედებების გამო ქარხანა გაჩერებულია. აღდგომელაშვილი განმარტავს, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის გადახდის მიუხედავად, “ოჯითის” არ აძლევენ უფილტრო სიგარეტის აქციზურ მარკებს.

“შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანიას დღემდე არცერთ წერილზე პასუხი არ გაუციათ. მათ არ განუმარტავთ, რატომ გააუქმეს 12 ნოემბერს ჩვენ მიერ განთავსებული და იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული შეკვეთა. რატომ არ მოგვაწოდეს დადასტურებული შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკების ნომინალის გადახდისთვის საჭირო ინვოისი. არ ამბობენ, რას ელოდებოდნენ 12 ნოემბრიდან 18 დღის მანძილზე, როდესაც დადასტურებული შეკვეთის ინვოისს არ გვაწვდიდნენ, რათა კანონით დადგენილი წესით აქციზური მარკები მიგვეღო,” – აცხადებს აღდგომელაშვილი.

“ომეგა ჯგუფის” წარმომადგენლის თქმით, 3, 4 და 6 დეკემბერს კომპანიამ შემოსავლების სამსახურს ახალი შეკვეთით მიმართა, თუმცა უწყება ამ შეკვეთებს არ ადასტურებს. კომპანია შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორის ქმედებებს “ომეგა ჯგუფის” მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებად აფასებს. აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლებას უარი უთხრა მისთვის წაყენებული მოთხოვნის შესრულებაზე, “რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანების ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში”.

“ომეგა ჯგუფი” სასამართლოსგან მოითხოვს, შეწყდეს მის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები. ლევან აღდგომელაშვილის თქმით, სიგარეტების ქარხანა უკვე რამდენიმე დღეა გაჩერებულია.

4 დეკემბერს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ 12 ნოემბერს  “ოჯითიმ” შემოსავლების სამსახურში განათავსა შეკვეთა და სიგარეტის აქციზი მოითხოვა. ეს შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა იმავე დღეს დაადასტურა. შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც აქციზური მარკების გაცემაზეა პასუხისმგებელი, “ოჯითი-სთვის” მარკების მიწოდებას აგვიანებდა. როგორც აღდგომელაშვილი ამბობს, Security Solutin Georgia დამატებით დროს ითხოვდა, რათა აქციზის გაცემის საკითხი შემოსავლების სამსახურთან შეეთანხმებინა.

ნეტგაზეთი შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რუსთავი 2-ისთვის 21 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო.


თავდაპირველად, შემოდგომაზე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები “ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ. ამ საქმეში, ოქუაშვილის მტკიცებით, ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. ოქუაშვილი აცხადებდა, რომ მმართველი გუნდის არაფორმალური ავტორიტეტები მას ფულს სძალავდნენ “ომეგას”  სრულფასოვნად მუშაობის სანაცვლოდ.

ბიძინა ივანიშვილმა მისი ბრალდება უარყო, ხოლო სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თქვა, რომ ჩანაწერები ოქუაშვილთან შეთანხმებით დადგა, რათა ამ უკანასკნელის უცხოელ პარტნიორებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ოქუაშვილზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ოქუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პირებმა, ერთი შეხედვით, უკან დაიხიეს: “მიამიტურად [მეგონა] … რომ სახელმწიფომ დაანება თავი, ბოლოს და ბოლოს, ფეოდალიზმს, რეკეტს და კრიმინალს და დადგა სწორ გზაზე”.

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ პაუზის შემდეგ მუშაობა ოქტომბრის ბოლოს განაახლა. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ამასთან ერთად, “ოცნება” სხვა დათმობებზეც წავიდა, რამაც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ “სწორ გზაზე” დადგნენ: 51-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, “ქართუ” ბანკისგან მიიღო 8 მილიონის სესხი, მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით, რაც მინიმუმ წლიურ 60-მილიონიან შემოსავალს ნიშნავს; ამას გარდა, ნიკა გვარამიას ცნობით, მას 50 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ (ეს ცნობა ოქუაშვილმა არ უარყო).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.