საარბიტრაჟო სასამართლომ ოჯთ-ის ქონების აუქციონზე გაყიდვა შეაჩერა – ომეგა ჯგუფი

“ომეგა ჯგუფის” ინფორმაციით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს “ოჯთ”-ის ქონების რეალიზაციის უფლება შეუჩრდა. თუ სტოკჰოლმში დავას საბოლოოდ მოიგებს სახელმწიფო, მას ამ უფლებით სარგებლობა კვლავ შეეძლება.

ნეტგაზეთთან საუბრისას კომპანიის გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ “ომეგა ჯგუფის” მფლობელობაში მყოფი სიგარეტების ქარხნის ქონებას შემოსავლების სამსახურმა ჯერ ყადაღა დაადო, შემდეგ კი აღსრულებას გადასცა. მისივე თქმით, 22 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიიღეს შეტყობინება, რომ ქონება იძულებით აუქციონზე გაიყიდებოდა.

“საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საგანგებო გადაწყვეტილებით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოს მხარეს აეკრძალოს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ომეგა ჯგუფის თამბაქოს მთლიანი ქონების რეალიზება იძულებითი აუქციონის გზით უნდა მომხდარიყო”, – აცხადებს აღდგომელაშილი.

მისივე თქმით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას ჯერ ოფიციალურად არ ჩაბარებია, თუმცა დოკუმენტს მიღებისთანავე გაასაჯაროებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქონების აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციომ წინა ისნსტაცნიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 22 მარტს ოჯთ-მ უკვე სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. ლევან აღდგომელაშვილი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, აუქციონი ნებისმიერ დროს დაენიშნათ და საარბიტრაჟო სასამართლომაც ამიტომ ჩათვალა, რომ აღსრულების შეჩერება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.

ომეგა ჯგუფი VS სახელმწიფოს საქმეზე სააბრიტრაჟო სასამართლოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

“სიგარეტის ქარხანა ისევ გაჩერებულია. ბოლოს 5 მარტს მივმართეთ შემოსავლების სამსახურს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ კომპანია გადაიხდიდა ძირ დავალიანებასაც და მასზე რიცხულ საურავებსაც. ამ საურავების დაწერა მოხდა იმიტომ, რომ არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე უარი გვითხრეს. მეტიც, შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შეთანხმებაზეც უარი თქვა. ამის მიუხედავად, ჩვენ თანახმა ვიყავით, ეს თანხა გადაგვეხადა. ამ შეთავაზებაზეც შემოსავლების სამსახურმა უარი გვითხრა. უარი ალბათ იმიტომ თქვეს, რომ ჩვენი საქმე უკვე აღსრულებას ჰქონდა გადაცემული,”-ამბობს ლევან აღდგომელაშვილი.

ნეტგაზეთს შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ სანამ სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი, მანამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანია “ოჯთ”-ს, ძირითადად თამბაქოს აქციზის გადასახადის გადაუხდელობის გამო, დავალიანების სახით  51 მლნ ლარი ეკისრებოდა. განცხადებაში ეწერა, რომ დავალიანება რამდენჯერმე განაწილდა, თუმცა კომპანიამ შეთანხმების პირობები დაარღვია.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვდა. კომპანიის თქმითვე, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია”, რომელიც “ომეგა ჯგუფის” მფლობელობაშია, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო.

“ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა. საქმეში ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. “იბერიამ” 2018 წელს შეწყვიტა საინფორმაციო მაუწყებლობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.