“ომეგამ” ვალის ნაწილი დაფარა, თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა.

“ნეტგაზეთს” შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ “ომეგა ჯგუფმა” 26 ოქტომბერს გადაიხადა 1 მილიონი ლარი და ითხოვა წარმოების განახლების უფლება, რათა “შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და წარმოების გაგრძელება”.

ომეგას, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 50 მილიონზე მეტი ვალი ჰქონდა.

საუბარია “ომეგა ჯგუფის” კომპანია “ოჯთ”-ზე, რომელიც თამბაქოს ბიზნესშია.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიის ანგარიშს ინკასო მოეხსნა;

ამას გარდა, მოეხსნა ყადაღა კომპანიის საბრუნავ საბრუნავ საშუალებებს;

კომპანიამ ასევე შეიძინა აქციზური მარკები.

საზოგადოებასთან სამსახურის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისათვის, რომ “ომეგამ” წარმოება განაახლოს.

მათივე ცნობით, უახლოეს პერიოდში “ომეგა ჯგუფმა” უნდა წარმოადგინოს წინადადება გრაფიკის შესახებ, რომელშიც გაწერილი იქნება დარჩენილი გადასახადების გადახდის ვადები.

“ომეგას” მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ქარხანამ გუშინ განაახლა მუშაობა.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის თანახმად, “ომეგას” თამბაქოს საწარმოს მუშაობის განახლებას წინ უძღოდა კომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ბრიფინგის ჩანიშვნა, რაც ჯერ ორჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთო გაუქმდა.


ფინანსთა სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანია “ოჯთ”-ს, ძირითადად თამბაქოს აქციზის გადასახადის გადაუხდელობის გამო, დავალიანების სახით  51 მლნ. ლარი ეკისრებოდა. განცხადებაში ეწერა, რომ დავალიანება რამდენჯერმე განაწილდა, თუმცა კომპანიამ შეთანხმების პირობები დაარღვია.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვდა. კომპანიის თქმითვე, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია”, რომელიც “ომეგა ჯგუფის” მფლობელობაშია, ხელისუფლების მიმართ კრტიკულია.

როგორც ლევან აღდგომელაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რესტრუქტურიზაციაზე მოთხოვნა ჯერ ისევ არ დაკმაყოფილებიათ.

ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათ აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

“ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი2-მა. საქმეში ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები.

“იბერიამ” 10 დღის წინ შეწყვიტა საინფორმაციო მაუწყებლობა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.