ახალი ამბები

DOTS ვეღარ აკონკრეტებს, ჩაურიცხავს თუ არა ყოფილ თანამშრომელს ხელფასს

5 დეკემბერი, 2018 • 2950
DOTS ვეღარ აკონკრეტებს, ჩაურიცხავს თუ არა ყოფილ თანამშრომელს ხელფასს

ბრენდული ტანსაცმლის მაღაზია DOTS ვეღარ აკონკრეტებს, ჩაურიცხავს თუ არა ყოფილ თანამშრომელს ხელფასს, რომლის შესახებაც ნეტგაზეთმა ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

საუბარია შემთხვევაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუკზე გავრცელდა და არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

კომპანიის ერთ-ერთი მაღაზიის ყოფილი მენეჯერი ამბობს, რომ წასვლის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ მაღაზიის ხელმძღვანელობა მას ეუბნებოდა, რომ ხელფასს არ ჩაურიცხავდა.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ქსენია ფაიქიძე ამბობს,  “გალერია თბილისში” არსებული მაღაზიის მენეჯერი იყო და სამსახურის დატოვება პერსონალური მიზეზის გამო მოუწია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა და წასვლამდე მის თანაშემწეებს საჭირო ინფორმაცია გადასცა, მაღაზია მას ეუბნებოდა, რომ თვის ბოლოს ხელფასს არ ჩაურიცხავდა.

ქსენია ფაიქიძის თქმით, არაერთი საუბარი ჰქონდა როგორც მენეჯერთან, ასევე დირექტორთან, რომელიც მის ანაზღაურებას ეხებოდა. ის გვიყვება, რომ თვის დასაწყისში ყველა მის ყოფილ თანამშრომელს ხელფასი ჩაერიცხა, მას კი – არა, რის შემდეგაც მისმა მეგობარმა ფეისბუკზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

აღნიშნული ინფორმაციის საპასუხოდ ნეტგაზეთი დაუკავშირდა DOTS-ის მარკეტინგისა და პრ-ის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კონტრაქტის მიხედვით ხელფასები ახალი თვის 5 რიცხვში ირიცხება და ზემოხსენებული ფეისბუკპოსტი ნაადრევი იყო. მათივე თქმით, ყოფილ თანამშრომელს აუცილებლად ჩაერიცხება ხელფასი, “თუმცა, საქმის გახმაურებისდა გამო, მცირედი დაგვიანებით”.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ DOTS-ის მარკეტინგისა და პრ-ის სამსახური ნეტგაზეთს უკვე თვითონ დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათმა პოზიციამ გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა იურისტთან გასაუბრების შემდეგ.

“უდავოა ის გარემოება, რომ დასაქმებულმა ცალმხრივად დაარღვია შრომის ხელშეკრულება ჩვენ კომპანიასთან, კერძოდ კი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაუცველად შეწყვიტა ჩვენთან ხელშეკრულება, აღნიშნულს მოჰყვა კომპანიის წინააღმდეგ დაგეგმილი შავი პიარი, რაც გამოიხატებოდა მცდარი და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში, რამაც კომპანიას მიაყენა როგორც ფინანსური ზიანი, ასევე მნიშვნელოვნად შეურყია რეპუტაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია უფლებამოსილია პრეტენზია წაუყენოს ასეთ პირებს. თუმცა, კომპანიის ზოგადი პოლიტიკის გათვალისწინებით, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ ეტაპზეც ყველა ძალისხმევას ვიღებთ, რათა აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს სასამართლოსა და სხვა იძულების მექანიზმების ჩარევის გარეშე. თუ მოწინააღმდეგე მხარე სხვა გზას არ დაგვიტოვებს, რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით მივმართოთ სასამართლოს”, – ნათქვამია DOTS-ის შეტყობინებაში.

ნეტგაზეთმა, მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ დააზუსტა, ნიშნავს თუ არა ეს მესიჯი იმას, რომ კომპანია თანამშრომელს ხელფასს აღარ გადაუხდის.

ქსენია ამბობს, რომ კომპანია კონკრეტული პრობლემების გამო დატოვა. მისი პოზიციაა, რომ ამ თვის ხელფასი უნდა ჩარიცხვოდა და ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო სამართლებრივი მსჯელობა მისი მხრიდან კონტრაქტის შესაძლო დარღვევის საკითხზე.

“შემექმნა პრობლემა, რაც ჩემს იქ მუშაობას ხელს უშლიდა. მქონდა 6 სამუშაო დღე, ოთხშაბათს ვისვენებდი. შესაბამისად, როცა გაჩნდა ეს გაუთვალისწინებელი პრობლემა, ერთი კვირით ადრე მომიწია განცხადების დაწერა. მეც ვიცოდი, რომ ეს კონტრქტს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კონტრაქტში გვეწერა, რომ შესაძლებელი იყო დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ზეპირი შეთანხმება, რისი იმედიც მქონდა. მე დავწერე განცხადება თხოვნით და გადავაგზავნე, რის შემდეგაც მირეკავს მენეჯერი და მეუბნება, რომ შენ ხომ იცი, ეს არასწორია… მე ავუხსენი, რომ კი, ვიცოდი, მაგრამ იმდენად მძიმე იყო ჩემი მდგომარეობა, რომ ვთხოვე, შესულიყვნენ ჩემს მდგომარეობაში. მენეჯერმა დირექტორთან გადამამისამართა, მასაც ვესაუბრე და ვთხოვე, ჩემს სიტუაციაში შემოსულიყო, რაზეც უარი მითხრა და განაცხადა, აქეთ შემოდი კომპანიის მდგომარეობაშიო. მე ავუხსენი, რომ დიდი ზარალი კომპანიას არ ადგება და თან, კონსულტანტებს ყველა საჭირო ინფორმაცია გადავეცი და დავაკვალიანე… ამაზე დირექტორმა მითხრა, რომ აღარ სურდა ჩემთან საუბარი. მითხრა, გადმომიგზავნე განცხადებაო (გადაგზავნილი მქონდა) და გათიშა ტელეფონი. მე კიდევ ერთხელ გადავაგზავნე განცხადება, დეტალურად აღვწერე, ვთხოვე… არანაირი პასუხი. მეორე დღეს მოდის მენეჯერი და მეუბნება, მართლა მიდიხარო? კი-მეთქი, რომ ვუთხარი, მიპასუხა, კომპანიასაც აზარალებ და შენს თავსაცო. აქ მივხვდი, რომ ხელფასზე ლაპარაკობდა. მეტი მე მათთან არ მისაუბრია, 1 კვირა კიდევ დავრჩი, სანამ ვადა ამოიწურებოდა, პირნათლად შევასრულე მოვალეობა. შემდეგ კი, ხელფასის ჩარიცხვის დღეს, როცა ყველას ჩაერიცხა, ჩემს გარდა, მივხვდი, რომ არ მიხდიდნენ. კონტრაქტში წერია, რომ წასვლამდე დამსაქმებელი 1 თვით ადრე უნდა გავაფრთხილო, მაგრამ ის ასევე ითვალისწინებს ზეპირ შეთანხმებას… რაც შეეხება ჯარიმას, ის 3 თვის ხელფასს ითვალისწინებს.. თუმცა ხელფასის არჩარიცხვა, ასეთი რამ არ წერია… მათ უნდა მოეყვანათ ადვოკატი, ჩემთან ერთად განეხილათ საქმე და თუ მე უარზე ვიქნებოდი, უნდა დაწყებულიყო სასამართლო დავა, რომელიც ჯარიმას გადამინაწილებდა.. და არა ასე ქურდული წართმევა ხელფასის”, – აცხადებს ქსენია ფაიქიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი