ახალი ამბები

მინიმალური ხელფასი 636 ლარი — პროფკავშირებმა პარლამენტს მიმართა

6 ოქტომბერი, 2023 • 1315
მინიმალური ხელფასი 636 ლარი — პროფკავშირებმა პარლამენტს მიმართა

პროფკავშირების გაერთიანება საქართველოში მინიმალურ ხელფასად 636 ლარით განსაზღვრას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით მათ პარლამენტს დღეს, 6 ოქტომბერს მიმართეს.

პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს, რომ დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს. მომავალში კი მოხდეს მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და მიაღწიოს საშუალო ხელფასის 60%-ს — ოდენობას, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს.

„ჩვენი ინიციატივა ეხება საქართველოს 192 ათას მოქალაქეს, რომელიც სასოწარკვეთილია იმ შემოსავლებიდან და მინიმალური ხელფასიდან, რომელიც საქართველოშია დღეს. მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეადგინონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე იქნება დაფუძნებული და მათ შორის არის სწორედ ჩვენ მიერ შეტანილი ინიციატივა, რომელსაც მყისიერი განხილვა სჭირდება“ ,— განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების თქმით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ 190 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა, რადგან საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი სწორედ ამ ოდენობის დასაქმებულს აქვს:

„შეგახსენებთ, მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12.6- ჯერ ნაკლებია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 12,500 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასი – 131 841, ხოლო 636 ლარზე ნაკლები ხელფასი – 190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს. ეს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით რიგით მესამე ინიციატივაა, რომელიც პროფკავშირებს პარლამენტში შეაქვს“, — აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი