ახალი ამბები

2016-19 წლებში ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 55%-ით გაიზარდა – ISFED

28 ივლისი, 2020 • 2076
2016-19 წლებში ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 55%-ით გაიზარდა – ISFED

,,სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში შესწავლილია 2016-2019 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი (ხელფასი, დანამატი და პრემია/ფულადი ჯილდო) და არსებული პრაქტიკა. კვლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის შედეგად მომზადდა.

ISFED-ის თანახმად, წლების მიხედვით იცვლება როგორც ცესკოს თანამდებობის პირების ჯამური ანაზღაურება, აგრეთვე, თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემია/ჯილდოს წილები. ჯამურად ყველაზე მაღალი ანაზღაურების ხარჯი ფიქსირდება 2016 წელს, ხოლო ყველაზე დაბალი – 2019 წელს.

ცესკოს თანამშრომელთა საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურება

2017 წლის ბოლოს მიღებული „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შემდეგ, ISFED-ის შეფასებით, 2018-2019 წლებში საგრძნობლად იკლებს დანამატისა და ჯილდოს გაცემის სიხშირე და მოცულობა, თუმცა ეს ხდება გაორმაგებული სარგოს ფონზე. ISFED-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2016 წლიდან 2019 წლამდე 55%-ით გაიზარდა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის – 68%-ით, ცესკოს მდივნის – 70%-ით, ცესკოს წევრების -74%-ით, დეპარტამენტის უფროსების – 67%-ით, განყოფილების უფროსების- 57%-ით.

2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თამარ ჟვანიას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 654 936 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგო – 444 159 ლარი, დანამატი – 142 226 ლარი, ხოლო პრემია/ჯილდო – 68 550 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა, ჯამში, თანამდებობრივი სარგოს 47% შეადგინა. 2018 წელს პირველი იანვრიდან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო დარიცხული 5 500 ლარიდან 8 500 ლარამდე გაიზარდა.

მაგალითისთვის, 2016 წელს ცესკოს თავმჯდომარემ ყველა თვეში მიიღო დანამატი ან/და პრემია, რამაც ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 95.2% შეადგინა. ამასთან, აპრილში და აგვისტოში თამარ ჟვანიას ორივე აქვს აღებული.
საარჩევნო პერიოდის (ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით) განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობრივი სარგოს გაორმაგებულ ოდენობას იღებდა.

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში გაცემული პრემიის/ჯილდოს და სახელფასო დანამატის ოდენობა ცვალებადია, რის გამოც გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა. საარჩევნო თვეებში, გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ხდება დანამატის გაცემაც, რისი მიზნობრიობაც გაურკვეველია, რადგან კანონით განსაზღვრული გაორმაგებული სარგო სწორედ არანორმირებული სამუშაო გრაფიკის გამო გაიცემა. კვლევის თანახმად, 2016-2017 წლებში ცესკოს თანამდებობის პირები და კომისიის წევრები მონაცვლეობით იღებდნენ დანამატსა და პრემიას, 2016-2017 წლებში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დანამატისა და პრემიის ერთდროული გაცემა არასაარჩევნო თვეს. რაც შეეხება საარჩევნო თვეებს, თანამდებობის პირებისთვის დანამატი და პრემია ერთდროულად გაიცა 2016 წლის აგვისტოს თვეში და ცესკოს წევრებისთვის ნოემბრის თვეში, ხოლო 2017 წლის სექტემბერში – მხოლოდ ცესკოს წევრებისთვის.

“მსგავსი ფაქტები უარყოფით პრაქტიკას წარმოადგენს, ვინაიდან გაუგებარია, რა გამორჩეულ საქმიანობას ასრულებს პირი, რომ ორივეს გაცემის მოთხოვნას აკმაყოფილებს, განსაკუთრებით- არასაარჩევნო პერიოდში. ცესკოს თანამდებობის პირებზე და ცესკოს წევრებზე 2016-2017 წლებში ხშირად გაიცემოდა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი ან უფრო დიდი რაოდენობის პრემია ან დანამატი, მაშინ როცა საარჩევნო თვეებში ისინი ისედაც გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოს იღებდნენ. მსგავსი 2019 წელს მხოლოდ ივნისის თვეში ფიქსირდება. 2018 და 2019 წლებში ჯილდოს და დანამატის გაცემის სიხშირე და მოცულობა შემცირებულია, რაც პოზიტიურ ტენდენციას წარმოადგენს. მაგალითად, ცესკოს თანამდებობის პირების მიერ მიღებული დანამატის წილი ჯამურ ანაზღაურებაში 2016 წლიდან 2019 წლამდე 32.3%-დან 12.1%-მდე შემცირდა, ხოლო პრემიის/ჯილდოს წილი – 16.2%-იდან 1.2%-მდე. თუმცა ეს ცვლილება მოხდა თანამდებობრივი სარგოს გაზრდის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დანამატი და პრემია/ჯილდოზე გამოყოფილმა თანხებმა თანამდებობრივ სარგოში გადაინაცვლა”, – ნათქვამია კვლევაში.

ISFED-ის რეკომენდაციებია:

  • საარჩევნო პერიოდში მიღებული გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოს პარალელურად არ გაიცეს დანამატი;
  • განისაზღვროს დანამატის გაცემის პერიოდულობა;
  • განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს მატების პროცენტულობა და პერიოდულობა როგორც კომისიის წევრებისთვის, ასევე, თანამშრომლებისათვის;
  • კანონმდებლობით განისაზღვროს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც ცესკო იხელმძღვანელებს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ფულადი სახსრების განაწილების წესის დადგენისას;
  • სამართლებრივი აქტით განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლითაც იხელძღვანელებს, ერთი მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ქვედა და ზედა ზღვარის განსაზღვრისას და მეორე მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ განსაზღვრული ზღვრული ოდენობების ფარგლებში კონკრეტული ანაზღაურების დადგენისას თითოეული პოზიციისთვის.
  • ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების შესახებ მონაცემების დამუშავება და გაცემა უნდა ხდებოდეს ჩაშლილად – დაკავებული პოზიციის მიხედვით და არა კრებითი სახით;
  • ცესკოს თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგო, დანამატი და ჯილდო უნდა იყოს საჯარო, ისევე როგორც ეს არის ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის შემთხვევაში.
  • ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების შესახებ მონაცემების დამუშავება და გაცემა უნდა ხდებოდეს ჩაშლილად, დაკავებული პოზიციის მიხედვით და არა – კრებითი სახით;
  • ცესკოს თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგო, დანამატი და ჯილდო უნდა იყოს საჯარო, ისევე როგორც ეს არის ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი