საზოგადოება

თუმანიშვილის თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ — რას აპროტესტებენ მსახიობები

20 ოქტომბერი, 2022 • 2637
თუმანიშვილის თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ — რას აპროტესტებენ მსახიობები

ზურა ყიფშიძემ, ნინელი ჭანკვეტაძემ, ნიკა წერედიანმა, მაია გელოვანმა, ბექა ჯუმუტიამ და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სხვა თანამშრომლებმა სამხატვრო ხელმძღვანელის, ვანო ხუციშვილის წინააღმდეგ ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროში კოლექტიური დავა დაიწყეს.

ამის მიზეზი ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები გახდა, რომლის ფარგლებშიც ხუციშვილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე თანამშრომლების ნაწილს სამუშაო პირობები შეუცვალა, მათ შორის, ზოგს შეუმცირა, ზოგს კი გაუზარდა ანაზღაურება, ნაწილს კი განსხვავებული ხელშეკრულებები დაუდო. ამასთან, სამსახურიდან გაათავისუფლა დასაქმებულთა ნაწილი.

მსახიობებმა კოლექტიური საჩივრით ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს გასული თვის ბოლოს მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. ასევე, განსხვავებული შრომითი პირობების შექმნა არ ემყარება კონკრეტულ კრიტერიუმებს.

ამჟამად თეატრის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროში მედიაციის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში თეატრში დასაქმებულებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდია“ წარმოადგენს. აღნიშნულ დავაში მონაწილეობენ როგორც ის მსახიობები, ვისაც შეუმცირდა ანაზღაურება, ასევე ისინი, ვისაც გაეზარდა.

„გილდიის“ თავმჯდომარის, გიგა ბექაურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის პროცესში მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მსახიობები გაფიცვის დაწყებას გეგმავენ.

რა უძღოდა წინ დავის დაწყებას

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2022 წლის მარტში რეჟისორი ივანე [ვანო] ხუციშვილი დაინიშნა.

ახალმა ხელმძღვანელმა 1 აპრილს კულტურის სამინისტროს მიმართა წერილით რეორგანიზაციის თაობაზე, რაზეც სამინისტროსგან 12 აპრილს მიიღო თანხმობა.

დოკუმენტის თანახმად, თეატრში რეორგანიზაცია 12 აპრილს უნდა დაწყებულიყო და 12 მაისს დასრულებულიყო. რეორგანიზაციის მიმდინარეობისას კი შემდეგი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო:

შტატების რეორგანიზაცია, ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია-ოპტიმიზაცია, საჭიროების შემთხვევაში შტატების შემცირება. ასევე, უნდა მომზადებულიყო „ადმინისტრაციული, შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი დოკუმენტაციის ცვლილებები შესაბამისი წესის დაცვით“.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირ „გილდიის“ ინფორმაციით, რესტრუქტურიზაციის ფარგლებში თეატრში მსახიობთა რაოდენობა 45-დან 35-მდე შემცირდა და მიუხედავად გაზრდილი ბიუჯეტისა, თანამშრომლების ნაწილს ხელფასები შეუმცირდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ანაზღაურება ჩამოსცდა ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს.

ამასთან, „გილდიის“ ცნობით, გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს თეატრის საბიუჯეტო დაფინანსება 92 700 ლარით გაიზარდა და 1 347 080 ლარი შეადგინა, თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირების პარალელურად კი ხელმძღვანელობამ საკუთარი ანაზღაურება გაზარდა.

ამასთან, რესტრუქტურიზაციის ფარგლებში თეატრში დასაქმებულთა ნაწილს შრომითი ხელშეკრულებები 8 თვემდე შეუმცირდა, ნაწილთან კი დაიდო შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული ხელშეკრულებები.

როგორ აისახა რესტრუქტურიზაცია თანამშრომლებზე — რას ყვებიან მსახიობები

მსახიობები იხსენებენ, რომ კულტურის მინისტრის მიერ დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ცვლილებები თანამდებობის დაკავების შემდეგ, რამდენიმე დღეში დაიწყო. ამის შესახებ კი თანამშრომლებს ინდივიდუალურ შეხვედრებზე აცნობდა ინფორმაციას.

ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მიიწვია „მეფე ლირისა“ და სხვა წარმატებული სპექტაკლების მსახიობი აკაკი ხიდაშელი, რომელსაც ხელფასი 598 ლარით შეუმცირა და ხელზე ასაღები 240 ლარი დაუნიშნა. მსახიობი შეხვედრის დეტალებს იხსენებს „მაუწყებელთან“:

„შევედი და დაღვრემილი მეუბნება: ბატონო აკაკი, მე რაღაც ისეთს ვაპირებ, (ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა), სიახლის შემოტანას, (არ მახსოვს ზუსტად როგორ თქვა), და რადგან თქვენ ამ თეატრში ამჟამად ორ სპექტაკლში ხართ განაწილებული და თუმანიშვილის თეატრის ჩათვლით მუშაობთ სამ თეატრში, ვიდრე ამ რეფორმას ვატარებ, იანვრამდე გექნებათ 300 ლარიო…

გადის რამდენიმე დღე და ვიგებ, რომ თეატრში დიდი არეულობაა იმიტომ, რომ მსახიობთა ნაწილს მკვეთრად გაუუარესა ანაზღაურება, ხოლო ნაწილს მკვეთრად გაუუმჯობესა, რაც [ხელფასების მომატება] ძალიან სასიხარულოა, ვთვლი, რომ ჩემი ყველა კოლეგა იმსახურებს ამას. ნელ-ნელა ვიგებ, რომ სხვა მსახიობებს, რომლებიც ანალოგიურად სამ თეატრში მუშაობენ, თურმე მოემატათ [ხელფასები]. ანუ ადამიანმა აშკარად მომატყუა. წამში ხვდები, რომ რაღაც სხვა მოხდა შენს ცხოვრებაში და გაუფასურდი ვიღაცისთვის“, — იხსენებს აკაკი ხიდაშელი.

აღნიშნული ცვლილების საფუძველზე მან თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც, როგორც ამბობს, ხუციშვილმა პირვანდელი ხელფასის დაბრუნების პირობით, დარჩენა სთხოვა. თუმცა მას შემდეგ, რაც სამხატვრო ხელმძღვანელისგან მიიღო უარი სხვა, „დისკრიმინირებული კოლეგებისთვისაც“ ადრინდელი ხელფასების აღდგენის თაობაზე, ხიდაშელმა თეატრი დატოვა.

ვანო ხუციშვილისთვის მიწერილ წერილში აკაკი ხიდაშელი წერს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრში „არაჯანსაღი და კონფლიქტური გარემო“ შექმნა, რის შედეგადაც მსახიობები უიმედო და დათრგუნულ მდგომარეობაში ჩააგდო, გაუჩინა უსამართლობის და შეურაცხყოფის განცდა.

აკაკი ხიდაშელი. ფოტო: კადრი “მაუწყებლის” ვიდეოდან

კიდევ ერთი მსახიობი, რომელსაც ანაზღაურება დააკლეს, თუმცა სპექტაკლების რაოდენობა არ შემცირებია, ბექა ჯუმუტიაა. ის თუმანიშვილის თეატრში 2004 წლიდან მუშაობს.

ჯუმუტია ნეტგაზეთთან ყვება, რომ მას ანაზღაურება თითქმის 60%-ით შეუმცირდა. მისი თქმით, სხვა თანამშრომლების მსგავსად, თავადაც ჰქონდა ვანო ხუციშვილთან ინდივიდუალური შეხვედრა, რა დროსაც სამხატვრო ხელმძღვანელმა უთხრა, რომ თეატრს მასთან „არასახარბიელო შეთავაზება“ ჰქონდა, მოსაფიქრებლად კი მოთხოვნილზე ცოტა დრო მისცა:

„შევცდი, ამ უღირს და დამამცირებელ ხელშეკრულებაზე რომ მოვუწერე ხელი. უბრალოდ ჩავთვალე, რომ მისი განზრახვა იყო, მისთვის არასასურველ მსახიობებისთვის იმდენად შეურაცხმყოფელ შემოთავაზების მოცემა, რომ უბრალოდ, იძულებულები გავხდებოდით, დაგვეტოვებინა თეატრი. ეს მიტრიალებდა იმ მომენტში თავში. ეს რომ არ გამეკეთებინა, მხოლოდ ამიტომ მოვუწერე ხელი“, — ამბობს ჯუმუტია.

მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრამდე თეატრში საუბარი ხელფასების მომატება-დაკლებაზე არ მიმდინარეობდა. თუმცა მსახიობების ნაწილთან უკვე დადებული იყო ახალი კონტრაქტები, რომლის მიხედვითაც მათ ერთწლიანი ხელშეკრულების ნაცვლად ვადები 8 თვემდე უმცირდებოდათ, ზოგთან კი მუდმივი ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

ამასთან, ხელფასის ცვლილებასთან ერთად, ჯუმუტია შტატიანი თანამშრომლის პოზიციიდან შტატგარეშე თანამშრომლის პოზიციაზე გადაიყვანეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ ხუციშვილს შეხვედრაზე არაფერი უთქვამს:

„ხელფასის ჩარიცხვების დანიშნულებიდან გავარკვიე, რომ შტატში აღარ ვიყავი“, — ამბობს ის.

ჯუმუტიას თქმით, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ არის დამყარებული კონკრეტულ კრიტერიუმებზე და ხუციშვილმა ეს საკუთარი სურვილისა და შეხედულებების მიხედვით გააკეთა. კერძოდ, მისი განმარტებით, ხელფასები და სახელშეკრულებო ვადები თანამშრომლებს ისე შეუმცირეს, რომ თეატრში მათი სამუშაო დატვირთვა არ შემცირებულა. ამასთან, ჯუმუტიას თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას არ არის გათვალისწინებული სტაჟი და გამოცდილებაც.

„ყველა თეატრს აქვს რაღაც კრიტერიუმი, დავუშვათ, შრომის, სტაჟის და გამოცდილების მიხედვით. ეს თეატრის მმართველობამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მას [ხუციშვილს] არანაირი კრიტერიუმი არ გააჩნია, ისე გააკეთა ეს ყველაფერი. სწორედ ამაზე ვდაობთ“, — აცხადებს ჯუმუტია.

ამასთან, მისი თქმით, მსახიობებისთვის ანაზღაურების დაკლების მოტივი გაუგებარია იმის ფონზე, რომ მიმდინარე წელს თეატრის ბიუჯეტი გაიზარდა.

„არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მისი ეს ქმედება და საქციელი. ჩვენ ყველანაირი გზა ვცადეთ, ვცდილობდით ხან მოლაპარაკებით გარკვევას, ხან ისე, ხან ასე, მაგრამ არაფერმა გაჭრა და იძულებული გავხდით წამოგვეწყო შრომითი დავა.

ძალიან ბევრი კოლეგა გვიჭერს მხარს. ფაქტობრივად ერთიანი პოზიციაა“, — ამბობს ის.

ბექა ჯუმუტია. კარდი: TV4-ის ვიდეოდან

სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ გატარებულ ცვლილებებს უსამართლოდ მიიჩნევენ ის მსახიობებიც, ვისაც რეორგანიზაციის ფარგლებში ხელფასები მოემატათ.

ერთ-ერთი მათგანია მაია გელოვანი, რომელიც ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო ვანო ხუციშვილმა ეს გადაწყვეტილებები.

„მე მომიმატეს ხელფასი, მაგრამ ძალიან გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების გამო. სოლიდარობას ვუცხადებ და მათ გვერდში ვიქნები.

ვფიქრობ, უსამართლოდ მოექცნენ ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს. ასე მოქცევა მსახიობების და ზოგადად, ადამიანის მიმართ არ შეიძლება. რის მიხედვით მოხდა ხელფასების მომატება-დაკლება, გაუგებარია და როცა ამაზე დაისვა შეკითხვა, პასუხი არ გაეცა.

როცა ერთს ემატება და მეორეს აკლდება, რაღაც სქემა უნდა არსებობდეს… მართლა ვერ ვპოულობ ლოგიკას, სქემა არ არსებობს, რის მიხედვითაც აკეთებს ამას. როდესაც ადამიანს ხელშეკრულებას ასე უცვლი, არ გაქვს უფლება, ადამიანები საარსებო მინიმუმს იქით დატოვო. მიზეზი უნდა იცოდე, რაღაც ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს ამ ხელფასის მომატება-დაკლება“, — ამბობს გელოვანი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მაია გელოვანი. ფოტო: კადრი სერიალიდან „სიყვარულს მიღმა“

დავის დაწყების სამართლებრივი მოტივი

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობებს სამინისტროში მიმდინარე კოლექტიურ დავაში წარმოადგენს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდია“.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიგა ბექაურის შეფასებით, თეატრში მიმდინარე ცვლილებებისა და რეორგანიზაციის მიზეზი და მიზანი დაუსაბუთებელია, ასევე არ არის დაცული რეორგანიზაციის განხორციელების პროცედურები.

კერძოდ, მისი თქმით, თეატრის ხელმძღვანელობამ თანამშრომლების სრულ უმრავლესობას დაუსაბუთებლად გაუფორმა მოკლევადიანი შრომითი კონტრაქტები:

„კანონში ნათლად წერია, რომ მინიმუმ ერთწლიანი უნდა იყოს შრომითი კონტრაქტი, სხვა შემთხვევაში კი მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული გარემოებები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება უფრო ნაკლებვადიანი კონტრაქტის გაფორმება.

ამასთან, გაუგებარია, რა მიზეზით შეირჩნენ ადამიანები, რომელთაც ხელფასები დააკლდათ“, — განმარტავს ბექაური.

„გილდიაის“ შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ დასაქმებულს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის განხორციელების ობიექტური საჭიროება, მათ ხელთ არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე კი „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კრიტერიუმი უბრალოდ არ არსებობს“.

ბექაურის განცხადებით, მომხდარის შემდეგ დასაქმებულებმა რამდენჯერმე მიმართეს თეატრის ხელმძღვანელობას, რომ გამოსწორებულიყო არსებული პრობლემები, თუმცა ხელმძღვანელისგან ყველა შემთხვევაში არაჯეროვანი პასუხი მიიღეს. ამის შემდეგ კი 27-მა ადამიანმა ვანო ხუციშვილის წინააღმდეგ კოლექტიური დავა წამოიწყო. თუმცა, როგორც ბექაური ამბობს, მსახიობებს მხარს უჭერენ ის თანამშრომლებიც, ვინც კოლექტიურ დავაში უშუალოდ ჩართულები არ არიან.

„თუმანიშვილის თეატრის მსახიობები განიცდიან ჩაგვრას და შეელახათ ღირსება. ჩემი შეფასებით, მათ წინაშე უხეშად დაირღვა შრომის კოდექსი“, — ამბობს ბექაური.

მისი განმარტებით, მსახიობების მთავარი მოთხოვნაა, რომ თეატრში სახელფასო პოლიტიკა შეიცვალოს, რაც გულისხმობს დასაქმებულებისთვის პირვალნდელი ხელფასის დაბრუნებას.

ასევე, ისინი ითხოვენ კონტრაქტების ვადების შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოსვლას და რეორგანიზაციის პროცესის სამართლიან პირობებში წარმართვას, რაც თავის მხრივ გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებამდე დასაქმებულებთან შესაბამისი კონსულტაციების გავლას.

ამასთან, ბექაურის თქმით, დასაქმებულები ითხოვენ დაბალი შემოსავლის მქონე მსახიობებისთვის ხელფასების მატებას და თეატრში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ უამრავ ადამიანს ხელფასის დაკლების საფრთხე დაუდგა. არაერთ ადამიანს უდგას საფრთხე, რომ წლის ბოლოს მათი კონტრაქტების ვადები ამოიწურება და შემდეგ შეიძლება უსამსახუროდ დარჩნენ“, — განმარტავს ის.

თუმანიშვილის თეატრში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც გამოეხმაურა. „ღირსეული შრომის პლატფორმის“ შეფასებით, დაუსაბუთებელია ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ პირებს შორის მკვეთრი სახელფასო სხვაობა, რაც „თეატრში პროფესიული შეფასებისა და რანგირების სისტემის არარსებობის პირობებში, არაგანჭვრეტადი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს აჩენს“.

ამასთან, „ღირსეული შრომის პლატფორმა” შემაშფოთებელს უწოდებს თეატრში მოკლევადიანი ხელშეკრულების დადების პრაქტიკასაც. ორგანიზაციის განცხადებით, 8-თვიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება შრომით კოდექსს პირდაპირ ეწინააღმდეგება, რადგან უკიდურესი გამონაკლისის გარდა, კოდექსით დაუშვებელია 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კულტურის სფეროში შრომითი უფლებების დარღვევა საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს:

„სამწუხაროდ, თუმანიშვილის თეატრში მიმდინარე პროცესები არ წარმოადგენს კულტურის სფეროში შრომითი უფლებების დარღვევის ერთეულ და იზოლირებულ შემთხვევას და ამ სფეროში იმ უკანონო საკადრო წმენდის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც კულტურის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ გააქტიურდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბექაურის თქმით, ამ ეტაპზე „გილდია“ სწავლობს დისკრიმინაციის ნიშნებს, რის საფუძველზეც, მათი შეფასებით, თეატრის ხელმძღვანელობამ თანამშრომლების მიმართ განსხვავებული მიდგომა გამოიყენა:

„ზოგადად, ვანო ხუციშვილის მიერ ამგვარად ერთპიროვნული, უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია განპირობებული იყოს სამინისტროს ზოგადი პოლიტიკით, სამინისტროს ზოგადი მიმართებით შრომის უფლებებთან, რადგან ამ კონკრეტული სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები ძალიან ჰგავს კულტურის სამინისტროს სხვა მენეჯერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამგვარი მიდგომა შესაძლებელია წახალისებული იყოს სამინისტროს მხრიდან, თუმცა ამას ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ ვიტყვით“, — განმარტა ბექაურმა.

რას ამბობს ვანო ხუციშვილი

თუმანიშვილის თეატრსი თანამშრომლებისა და ორგანიზაციების მიერ გახმიანებულ საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი თეატრს დაუკავშირდა.

ჩვენ თეატრს მივმართეთ კითხვები, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ის ადამიანები, ვისაც ხელფასები და შრომითი ხელშეკრულებების ვადები შეუმცირდათ. ასევე, რა არის ამ ცვლილებების მოტივი და რატომ შეუმცირდათ თანამშრომლებს ანაზღაურება ბიუჯეტის ზრდის ფონზე.

ვანო ხუციშვილი. ფოტო: FB/კულტურის სამინისტრო

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ მიმდინარე კვირაში ვანო ხუციშვილის ხელმძღვანელობით თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერი უნდა გაიმართოს და დროის სიმცირის გამო მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა. თუმცა ხუციშვილისგან მივიღეთ წერილობითი პასუხი, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიმდინარე მედიაციის ფონზე აღნიშნული საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს:

„დასმულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესი, რაც გულისხმობს მხარეთა შორის მედიაციის წარმართვას და კონსტრუქციულ რეჟიმში საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას, რასაც მივესალმებით, რადგან მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორედ საუბრის კონსტრუქციული რეჟიმი და თეატრის ინტერესებია ის უმთავრესი, რამაც საერთო შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს და ეს შედეგი თეატრის განვითარება და მასში ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა, რისი არაერთი მცდელობა ჩვენი მხრიდან აქამდეც იყო, რომლის კონკრეტული ფაქტები არსებობს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ყველა განცხადება, კომენტარი და საკითხის ცალკეული სუბიექტური შეფასება იქნება დამაზიანებელი ამ პროცესისთვის, რასაც ვითვალისწინებთ და იმედი გვაქვს, რომ პროცესში მონაწილე ყველა პირი ანალოგიურად გაითვალისწინებს“, — ნათქვამია თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელის წერილში, რომელიც ნეტგაზეთმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი