ევროპული საქართველო კვირას დაგეგმილ აქციას არ უერთდება

დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საქართველო კვირას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას ორგანიზაციულად არ უერთდება, თუმცა სოლიდარულია ყველა მოქალაქის მიმართ, ვისაც აქვს გასაგები და ლეგიტიმური წუხილი 2018 წლის არჩევნებისადმი.

როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა განაცხადა, მათი მიზანია, ჯერ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს, საარჩევნო სისტემა დაუყოვნებლივ გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და არჩევნების გზით შეძლონ ხელისუფლების ცვლილება. პარტია მხარს უჭერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველოს დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ასევე ისაუბრა რამდენიმე ინიციატივის შესახებ, რომელიც არასამთავრობო სექტორთან, ოპოზიციურ პარტიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასაც ეხება.

მისი თქმით, ერთ-ერთი ინიციატივაა დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტის და აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბება, რომლებიც საარჩევნო პერიოდში გამოიძიებენ მოსყიდვების, შავი ფულისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს. როგორც ბაქრაძე აცხადებს, დღევანდელი პროკურატურა და აუდიტი კონტროლდება ხელისუფლების მიერ.

ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში დაიწყებენ კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან. ბაქრაძის განცხადებით, მათი ამოცანაა, შექმნან ისეთი გარემო, რომ “ცივილიზებულად, ნორმალური არჩევნებით, მშვიდობიანად შეცვალონ ხელისუფლება და არა ქუჩის აქციებით.”

დავით ბაქრაძის განცხადებით, მშვიდობიანი აქცია ნორმალურია დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ ევროპული საქართველოს მიზანია ხელისუფლების ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით და სხვა რეფორმებით, მშვოდობიანი და უფრო ცივილიზებული ფორმით.

“ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ პირველი ტურის შემდეგ, რომ ჩვენ მეორე ტურში მხარს დავუჭერდით ენმ-ს, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს და ეს იქნებოდა მხარდაჭერა მეორე ტურისთვის. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა რჩება მეორე ტურის შემდეგ ერთიან პოზიციებზე,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა და ამიტომ მიუღებელია ნებისმიერი ისეთი ტიპის მოწოდება, რომელიც იწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, განსაკუთრებით კი, სამართალდაცვითი ორგანოების (პოლიციის, არმიის) ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში:

“რა თქმა უნდა, განვმეორდები – პოლიტიკური პროტესტი, აქცია და დემონსტრაცია არის კანონიერი და დემოკრატიული ბრძოლის ფორმა. ამიტომ ჩვენ სოლიდარულები ვართ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც კვირას გეგმავს აქციაზე მისვლას. არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ მშვიდობიანი აქციები. ეს არის დემოკრატიის ჩვეულებრივი, ნორმალური ფორმა, მაგრამ მკაფიოდ გამოვრიცხავ, რომ ევროპული საქართველოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი აქცია ემსახურებოდეს ქვეყანაში ძალადობის და არეულობის ესკალაციას. ამას მკაფიოდ გამოვრიცხავ.”

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ოპიზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციას გეგმავს.

არჩევნებს არ ვაღიარებთ, მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს – ვაშაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.