ახალი ამბები

რუსი გენერალი, შესაძლოა, ინტერპოლის პრეზიდენტი გახდეს

20 ნოემბერი, 2018 • 2211
რუსი გენერალი, შესაძლოა, ინტერპოლის პრეზიდენტი გახდეს

ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც დუბაიში მიმდინარეობს, ხვალ, 21 ნოემბერს, დელეგატები 192 ქვეყნიდან ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰონვეი ჩინეთში დააკავეს, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა.

დადასტურებული ინფორმაციით, ორგანიზაციის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატებს შორის არიან ინტერპოლის რუსული ბიუროს ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკოპჩუკი და ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სამხრეთ კორეელი კიმ ჩენ იანგი. გავრცელებული ინფორმაციით, თავისი კანდიდატის დაყენებას აპირებს სამხრეთ აფრიკაც.

როგორც “ვაშინგტონ პოსტის” წერს, პროკოპჩუკის კანდიდატურა ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული იყო, სანამ კრემლი საჭირო ხმების უზრუნველყოფაში დარწმუნდებოდა. ბრიტანულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Fair Trials-მა ინტერპოლის სამდივნოს საპროტესტო წერილი მისწერა რუსი კანდიდატის წამოყენების გამო და აღნიშნა, რომ მიუღებელი იქნება, ინტერპოლს უხელმძღვანელოს ქვეყანამ, რომელიც მუდმივად არღვევს ორგანიზაციის წესებს, მაგალითად, ცდილობს გამოიყენოს ინტერპოლის სისტემები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის.

“ვაშინგტონ პოსტის” წერს, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ინტერპოლს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე არ აქვს გამოქვეყნებული ყოფილი პრეზიდენტების სია და ამას თავისი მიზეზები აქვს – 1940-დან 1945 წლამდე პერიოდში ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა 3 ნაცისტი კრიმინალი – გენერალი რეინგარდ ჰეიდრიხი, გენერალი არტურ ნებე და გენერალი ერნსტ კალტენბრუნერი.

“პუტინის რეჟიმი მესამე რაიხი არ არის, მაგრამ მისი ქმედებები შინ და საზღვრებს გარეთ კანონის უზენაესობის კონცეფციის პაროდიას წარმოადგენს. ერთ დღესაც, ინტერპოლი აუცილებლად მოუსურვებს იმ გვერდის დავიწყებას, რომლის გახსნასაც ოთხშაბათს აპირებს”, – წერს “ვაშინგტონ პოსტის” ავტორი ვლადიმირ კარა-მურზა.

რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის არჩევას ეწინააღმდეგებიან ამერიკელი სენატორებიც როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. მარკო რუბიომ, როჯერ უიკერმა, ჯინ შაჰინმა და კრის კუნსმა ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართეს, არ დაუშვან ინტერპოლის ხელმძღვანელად ალექსანდრე პროკოპჩუკის არჩევა. ამერიკელი სენატორების განცხადებით, “ეს იგივეა, რომ მელას საქათმე ჩააბარო”. ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის შს სამინისტროს მაღალჩინოსანი პროკოპჩუკი პირადად მონაწილეობდა დაშინების, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისა და ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერების სტრატეგიის განხორციელებაში.

ალექსანდრე პროკოპჩუკის არჩევის შემთხვევაში ინტერპოლის დატოვება არ გამორიცხა უკრაინამ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის თქმით, “ეს იქნება ჰიბრიდული საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი