ახალი ამბები

NGO-ები სესხებზე პრემიერის ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

19 ნოემბერი, 2018 • 3739
NGO-ები სესხებზე პრემიერის ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ე.წ. შავ სიაში შესული ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ. როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, საკითხით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი პირებისთვის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ ვალების დაფარვის სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვაა.

“ვფიქრობ, ამომრჩევლის მოსყიდვის გარდა, ამ ინიციატივას სხვა პრობლემაც აქვს – უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მისამართით, რომელთაც ასევე შეიძლება ძალიან მძიმე ეკონომიკური პირობები აქვთ, მაგრამ ძალიან პატიოსნად იხდიან თავის ვალს და არ აღმოჩნდნენ ე.წ. შავ სიაში. ეს გადაწყვეტილება გაუგებარ  ვითარებას წარმოშობს, როდესაც ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ  განცდა, რომ  შეიძლება აიღონ ვალები და არ გადაიხადონ, რადგან რაღაც ეტაპზე სახელმწიფოს ექნება ვალდებულება იმისა, რომ ამ ვალის გასტუმრება თავის თავზე აიღოს. ამიტომ ეს სახელმწიფოებრივადაც დამაზიანებელი ინიციატივაა და არ შეიძლება, რომ არჩევნების გულისთვის ხელისუფლება ყველაფერზე წავიდეს”, – განაცხადა ბენიძემ.

მისი თქმით, გარკვეული პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ოპოზიციასაც ეკისრება, რომლის რიტორიკა გახდა წამახალისებელი საზოგადოებრივი მოლოდინების შექმნისა, რომ სახელმწიფოს აეღო თავის თავზე “შავ სიაში” შესულ ადამიანების პრობლემა.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ფონდ “ქართუს” მიერ თანხების გადახდა ცალსახად კვალიფიცირდება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და ოპოზიციურ კანდიდატს ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. ამომრჩევლის მოსყიდვაზე სანქცია კი, ბენიძის განმარტებით, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაა.

“საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის ინიციატივით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

“თუ იმას გავითვალისწინებთ,  რომ ახლა არის საარჩევნო პერიოდი, ფონდი “ქართუ” არის ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები, ხოლო ამ ინიციატივას აჟღერებს მთავრობა, რა თქმა უნდა, იკვეთება ამომრჩველის მოსყიდვის  ნიშნები და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ამ შემთხვევაში, ასეთი ორგანოა პროკურატურა, ვინაიდან 100 ლარზე მეტია სავარაუდო სიკეთე, რასაც ამომრჩევლები მიიღებენ. ეს არის პრობლემური ინიციატივა. ამასთან, ისეთ მასშტაბზე არის საუბარი, რომ შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზეც. ასეთი რამ წინასაარჩევნოდ არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ნატროშვილმა.

მთავრობის მეთაურის მიერ დღეს დაანონსებული ინიციატივა ამომრჩველის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის აზრითაც. ის ასახელებს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონს, რომლის თანახმად, ” პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა , ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების მიწოდებით ან დაპირებით”.

იურისტი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით უდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს, რის შემდეგადაც შესაძლოა მასალები სამართალდამცველ ორგანოებს გადაეგზავნოს. მისი განმარტებით, მოსყიდვა 100 ლარამდე  თანხით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა წესით დასჯადი ქმედებაა, უფრო მეტი რაოდენობის თანხის შემთხვევაში უკვე საქმე გვაქვს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

“საარჩევნო კოდექსით, როდესაც ამომრჩევლის მოსყიდვა კანდიდატის რეგისტრაციიდან  მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, რეგისტრაციიდან მოხსნაზე მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამრთლოში იდავონ. ამ  შემთხვევაში კონკრეტულად მმართველი გუნდი არ არის რეგისტრირებული სუბიექტად, რეგისტრირებულია დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი გუნდი. ამიტომ საინტერესოა, როგორ განიმარტება კანონმდებლობა და შესაბამისი უწყებები რა მიმართულებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით ნებისმიერი პირი იმ სუბიექტთა წრეში ექცევა, ვის მიმართაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს”, – განაცხადა პავლიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ.

 

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი