“გაუგებარია, რა საჭირო იყო” – მიხეილ ბენიძემ P.S გააკრიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ რ2-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში” გააკრიტიკა ამავე არხის მეორე გადაცემა P.S, სადაც დღეს მაყურებელი მონტაჟის სახით სალომე ზურაბიშვილის ტანზე მიმაგრებულ სხვადასხვა მამაკაცი პოლიტიკოსის (ივანიშვილი, კალაძე და ა.შ.) სახეს უყურებდა.

კადრი გადაცემიდან

“პრაქტიკულად მთელი გადაცემის განმავლობაში ვხედავადით სალომე ზურაბიშვილის ტანზე დაფიქსირებული სხვადასხვა პოლიტიკოსის თავებს, ძირითადად მამაკაცების. მინდა აღვნიშნო რომ ზუსტად ისევე როგორც [სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო] ბილბორდებზე ქალი კანდიდატის ჩანაცვლება მამაკაცით ჩვენთვის გენდერულად არასანსეიტიური ქმედება იყო და კარგ გზავნილს არ აგზავნიდა საზოგდოებაში…

… მგონია, რომ სრულიად ზედმეტი იყო [გადაცემაში მონტაჟი]. ჩემთვის გაუგებარია რა საჭირო იყო.

… ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს ნეგატიური კამპანიის განტვირთვას”, – აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

არხის დირექტორისა და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანის, ნიკა გვარამიას თქმით, P.S ეს ეს ქმედება იყო იმის “გაშარჟება, რაც ოცნებამ ქნა”.

“თუმცა თქვენი აზრი, თქვენი აზრია”, – აღნიშნა გვარამიამ და ბენიძეს უთხრა, რომ რ2-ს შიდა რეგულირების საბჭო ჰყავს, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სავარაუდო დარღვევებს სწავლობს და სურვილის შემთხვევაში ურჩია, მათთვის მიემართა.

გვარამის კითხვის შემდეგ, ბენიძე ასევე გამოეხმაურა დღეს თბილისში გამოჩენილ ბილბორდებს, სახელწოდებით: “არა ნაცებს, არა ბოროტებას”.

მან ეს ბილბორდებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანიის ნაცვლად ურთიერთთავდასხმების ნიაღვარი მიმდინარეობს, რაც საზოგადოებას არაფერში არ ეხმარება.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com