ახალი ამბები

რა მიმართულებების დაფინანსება იზრდება და მცირდება თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში – პროექტი

16 ნოემბერი, 2018 • 1711
რა მიმართულებების დაფინანსება იზრდება და მცირდება თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში – პროექტი

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტი 871 631 510 მლნ ლარი იქნება. მომავალ წელს მერიამ შემოსავლების ნაწილი დაახლოებით 850 მლნ ლარით განსაზღვრა.

თუ 2018 წლის დედაქალაქის დამტკიცებულ  ბიუჯეტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდა დაახლოებით 10 მლნ ლარია. 2018 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული მონაცემებით, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 916 მლნ ლარს აღემატება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, იზრდება თუ არა 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტი.

“გვიან ღამით შემოვიდა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქმედ 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 45 მლნ ლარით არის შემცირებული,” – აცხადებს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე.

თბილისის საკრებულოს  ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ 916 მლნ ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხის შედეგია. საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ ტრანსფერის ასახვა ვერც წინა და ვერც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ვერ მოხდებოდა. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მერია ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხას კვლავ ელოდება. ზარქუას თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი 2019 წლის თბილისის დამტკიცებულ პროექტს დაახლოებით 50 მლნ ლარით დააფინანსებს.

“დამტკიცებული ბიუჯეტი ერთია და დაზუსტებული- მეორე. დამტკიცებული ბიუჯეტია ის, რასაც მერია თავისი ხარჯებით წლის ბოლოს გეგმავს. ცენტრალური ბიუჯეტიდან 2018 წელს 45 მლნ ლარის ტრანსფერი განხორციელდა. წინა წელს ბიუჯეტში ვერ ავსახავდით, ცენტრალური ხელისუფლება რამდენს გადმორიცხავდა. თბილისის ბიუჯეტი იგეგმება იმ შემოსავლების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. რაც დავგეგმეთ, იმის მიხედვით, მომავალ წელს 10 მლნ ლარით გაიზრდება ქალაქის ბიუჯეტი,”-აცხადებს ირაკლი ზარქუა.

თბილისის მთავრობა 2019 წელს სატრანსპორტო ინფრანსტრუქტურის მშენებლობაზე 105 მლნ ლარს დახარჯავს. პროექტის მიხედვით, უშუალოდ გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 87 მლნ ლარია გამოყოფილი. ზარქუა ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობას ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნა სწორედ ამ მიმართულებით ექნება. საკრებულოს წევრს მიაჩნია, რომ ტრანსპორტის მიმართულებით მერიამ დამატებითი თანხა უნდა მოიძიოს. ზარქუას თქმით, ეს მიმართულება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე უნდა დაფინანსდეს. წინა წელთან შედარებით, მერია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარჯებს 10 მლნ ლარზე მეტით ზრდის.

ავარიული სახლების რეაბილიტაციაზე, 2018 წელთან შედარებით, მერია მილიონ ლარზე ნაკლების დახარჯვას აპირებს. 2019 წლის პროექტით, ავარიული შენობების გამაგრებისთვის ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარი გამოყო.

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მერიას ბიუჯეტში თითქმის  93 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი. ამ თანხიდან გამწვანებაზე 26 მლნ ლარი დაიხარჯება, 2018 წელთან შედარებით დაახლოებით 3 მლნ ლარით მეტი.

სოციალურ პროგრამებზე 2019 წელს თბილისის მერიას 191 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი, საიდანაც უშუალოდ ჯანდაცვაზე დაიხარჯება 48 მლნ ლარი. წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის პროგრამების ხარჯები  დაახლოებით 2 მლნ ლარით არის გაზრდილი.

მომავალ წელს მერია ადმინისტრაციულ ხარჯებსაც ზრდის. 2019 წელს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯებს მერია 97 მლნ ლარით დააფინანსებს. საიდანაც შრომის ანაზღაურებას თითქმის 86 მლნ ლარი მოხმარდება. გასულ წელთან შედარებით ხელფასებზე მერია დაახლოებით 2 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. 

“ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ მატება არ ეხება არც მერის, არც მისი მოადგილეების, არც ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის და არც საკრებულოს წევრების ხელფასებს. აღნიშნული თანხები მიმართული იქნება რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთურიშ რომის ასანაზღაურებლად,“- აცხადებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, უფასო სასადილოებისთვის დაფინანსების ზრდის ნაცვლად, მერია თანამდებობის პირებისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს. შრომის ანაზღაურების ზრდა თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ “ხელფასის მცირე ზრდა” დაუკავშირა მუნიციპალური ინსპექციის შექმნას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს იგეგმება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. მომავალ წელს მერია 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობასაც აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი