ახალი ამბები

საბანკო სექტორი სრულად გადადის ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე – კალაძე

14 ნოემბერი, 2018 • 2295
საბანკო სექტორი სრულად გადადის ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე – კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, საბანკო სექტორი მზად არის, სრულად ჩაანაცვლოს საკუთარი ავტოპარკი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებით. ეკოლოგიისა და ეკოტრანსპორტის განვითარების პროექტებზე კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ჩემთვის სასიამოვნოა, რომ საბანკო სექტორმა გამოხატა სრული მზადყოფნა და თანადგომა, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ფორმით ეკოლოგიისა და ტრანსპორტის პროექტების განვითარებაში. გუშინ მათი მხრიდან გაჟღერდა, რომ აპირებენ სრულად ჩაანაცვლონ საკუთარი ავტოპარკი ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეკოტრანსპორტის განვითარებაში მერიის მხრიდანაც იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. კალაძის განცხადებით, ელექტრომობილების მფლობელებისთვის თბილისში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება და კონკრეტულ მისამართებზე მერია ელექტროდამტენებს მათ დაუმონტაჟებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე:

“50-ზე მეტი ავტომობილი, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა, სრულად ამოვიღეთ და შევიძინეთ ჰიბრიდული ავტომობილები. ეს ტენდენცია გაგრძელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განსავითარებლად. უკვე გავაჟღერეთ, რომ 2019 წლის ბოლოს გვეყოლება სრულად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული დონის ავტობუსები. რა თქმა უნდა, ამ ავტობუსებით გადაადგილება იქნება უფრო სუფთა, სწრაფი და კომფორტული. რაც ყველაზე მთავარია, ჰაერის დაბინძურების მხრივ ყვითელი ავტობუსები დიდ პრობლემას წარმოადგენს და ეს პრობლემა მოგვარდება.

ვაპირებთ შეხვედრას სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, სადაც საბანკო სექტორიც იქნება წარმოდგენილი. საბანკო სექტორი მზად არის იმისთვის, რომ შეიმუშაოს კონკრეტული მოდელი, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ; ეს შეიძლება იყოს შეღავათიანი სესხები და ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება გარკვეული შეღავათები, მაგალითად, მე ახლავე შემიძლია გავაჟღერო – ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება საპარკინგე ადგილები და ასევე დედაქალაქის მერია მზად არის, ელექტრომობილების მფლობელებისთვის კონკრეტულ მისამართებზე დააყენოს ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს მუნიციპალიტეტი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი