Xinhua-ს რობოტი ტელეწამყვანი. ფოტო: BBC

ჩინურმა ახალი ამბების სააგენტომ რობოტი ტელეწამყვანები წარადგინა

ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua-მ მაყურებელს რობოტი ტელეწამყვანები წარუდგინა. სააგენტო ამბობს, რომ ისინი აუდიტორიას ამბებს “დაუღალავად”, ყოველდღე და ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან მიაწვდიან.

“გარდიანის” ცნობით, ახალ სახეებს შორისაა Xinhua-ს ახალი ამბების წამყვანის, ქიუ ჰაოს გარობოტებული ვერსია, ჰალსტუხით და პიჯაკით, რომელიც სახის მიმიკებსაც იცვლის.

“მე არამხოლოდ მოგემსახურებით დღეში 24 საათით და წელიწადში 365 დღე… შემიძლია, დაუსრულებლად ვიცვალო ადგილები იმისათვის, რომ ახალი ამბები მოგაწოდოთ”, – ამბობს წამყვანი რობოტი.

სააგენტომ ასევე წარადგინა ინგლისურად მოსაუბრე რობოტი ტელეწამყვანი, რომელიც წინას მსგავსად, მედიასაშუალებაში რეალურად მომუშავე სხვა წამყვანის პროტოტიპია.

“მედიაინდუსტრიის განვითარება განგრძობადი ინოვაციებისა და საერთაშორისო ტექნოლოგიებში ინტეგრაციისაკენ გვიბიძგებს. მოხარული ვიქნები, თქვენამდე მოვიტანო ახალი ამბების ახალი გამოცდილება”, – აცხადებს ის საეთერო სტუდიიდან.

“გარდიანის” ცნობით, სააგენტო Xinhua-ს მიერ ჩინურ კომპანია Sogou-სთან ერთად შექმნილი რობოტი ტელეწამყვანები სპეციალური მექანიზმების მეშვეობით ახორციელებენ ხმათა სიმულაციას, სახის მოძრაობებსა და ჟესტებს, რომლებიც რეალურ ტელეწაყმვანებს შეეფერებათ.

რობოტების ახალი მოდელების პრეზენტაცია ჩინეთის ყოველწლიურ მსოფლიო ინტერნეტ კონფერენციაზე გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში არაერთი მსსხვილი ტექნოლოგიური კომპანია მუშაობს, ქვეყანაში ინტერნეტ სივრცე უდიდესი მასშტაბებით კონტროლდება. ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან