ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას II ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ დაიწყებს – ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მარიამ ჯაშის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ.

“ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე“, – განმარტავს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საჯარო სივრცეში მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა. 30 ოქტომბერს მან გააკეთა განცხადება და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილი ასევე დაესწრო პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღებას. არცერთ ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტობის კანდიდატს მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია, ასევე, არ შეხვედრია მხარდამჭერებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი