პოლიციამ უსაფრთხოების გარანტია ვერ მოგვცა – რატომ არ ჩატარდება ლგბტ ფორუმი ერევანში

ლგბტი ორგანიზაციებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჩაატარონ 15-18 ნოემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ლგბტ-ქრისტიანული ფორუმი სომხეთში და ამით თავი აარიდონ შესაძლო რისკებს.

“პოლიციის უფროსის, ვალერი ოსიპიანის განცხადება, რომ პოლიციამ არ დაუშვა LGBT ფორუმის ჩატარება სომხეთში, ზუსტი არ არის. უბრალოდ, პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები ვერ მოგვცა. შესაბამისად, ჩვენ, ორგანიზაციებმა ერთობლივად განვიხილეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, აღარ ჩავატაროთ ფორუმი. ეს პოლიციის აღიარებაა, რომ ისინი ვერ იცავენ ყველა მოქალაქეს”, – ამბობს ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობის” თავმჯდომარე არმან საჰაკიანი.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებში სიძულვილის დიდი ტალღა გაძლიერდა, ასევე იყო თემის წარმომადგენლების ცემის ფაქტებიც.

“სიყვარულისა და სოლიდარობის რევოლუციის შემდეგ სომხეთში მაინც ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი ადამაინის უფლებების დაცვის კუთხით”, – ამბობს საჰაკიანი.

“სომხეთში ლგბტ ფორუმი არ შედგება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პოლიციის უფროსმა, ვალერი ოსიპიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

ფორუმის გამართვის საკითხი სომხეთის ეკლესიამაც განიხილა და განაცხადა, რომ “ჰომოსექსუალობის პროპაგანდა სომხეთის ეროვნულობასა და ადამიანების სულიერ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”.

ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA Europe-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით 2018 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია აქვს, თუმცა ეს პოზიციაც წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია.

17 მაისიც – ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, სომხეთში ყოველ წელს არამასშტაბურად აღინიშნება.

“მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად უსაფრთხების ზომების მიღებაა საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ჰომოფობია და ტრანსფობია დიდ პრობლემად რჩება. ნეგატიურ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობების მიმართ მედიაც ხელს უწყობს”, – ამბობს ალიკ უსტიანი, ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ახალი თაობის” თავმჯდომარე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი