მწვავდება ბრძოლა იემენის პორტისათვის

იემენის “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” პორტისათვის ბრძოლა მწვავდება, იუწყება BBC.

სამთავრობო ძალები, რომლებსაც ზურგს საუდის არაბეთის სამხედრო კოალიცია უმაგრებს, აჯანყებულთა პოზიციებს რაკეტებით უტევს.

პირველი ნოემბრის შემდეგ იემენის საპორტო ქალაქ ჰუდაიდაში 150 ადამიანზე მეტი დაიღუპა — მას შემდეგ, რაც კოალიციამ საპორტო ქალაქზე შეტევა დაიწყო.

გაეროს თანახმად, საბრძოლო მოქმედებები საფრთხეში აგდებს სამედიცინო დაწესებულებებს და ასობით ათას მოსახლეს.

იემენის სამოქალაქო ომი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც აჯანყებულმა ჰუსიტებმა, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს, დაიკავეს იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის, დედაქალაქი სანაა.

საუდის არაბეთი, რომელსაც თავის მხრივ აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი უმაგრებს ზურგს, საჰაერო თავდასხმებითა და ბლოკადით უჭერს მხარს იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას.

სულ ცოტა 10 000 ადამიანია მკვდარი კონფლიქტის შედეგად, მილიონობით ადამიანი კი, იძულებით გადაადგილებული.

იემენი დღეს მსოფლიოს უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისშია — ადგილობრივი ვალუტის დაცემასთან და  საკვების ფასის  მატებასთან ერთად, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. იზრდება ადამიანური მსხვერპლი როგორც შიმშილითა და ინფექციებით, ისე საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

გაიგეთ მეტი იემენის სამოქალაქო ომის შესახებ:

ქვეყანა, რომელიც იტანჯება – დაუსრულებელი ომი იემენში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com