ახალი ამბები

“მოთმინება გვეწურება” – დიდი ბრიტანეთი ირანს აფრთხილებს

13 იანვარი, 2024 • 4357
“მოთმინება გვეწურება” – დიდი ბრიტანეთი ირანს აფრთხილებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ თეირანს გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის. პარასკევს 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ მასშტაბური დარტყმა მიაყენეს “ჰუსიტების” ობიექტებს იემენში, გრანტ შაპსმა The Telegraph-თან კომენტარი გააკეთა და ირანი გააფრთხილა, აღკვეთოს “ჰუსიტების” ზღვარგადასული ქმედებები.

“ვალდებულები ხართ, შეაკავოთ “ჰუსიტი” მეამბოხეები და კიდევ სხვები, ვინც თქვენი ნდობით მოქმედებენ. ამის აშკარა მაგალითია ლიბანის “ჰეზბოლაც” და სხვა დაჯგუფებები ერაყსა და სირიაში. შეაკავეთ ეს ორგანიზაციები და აიძულეთ შეწყვიტონ თავისი ქმედებები, იმიტომ, რომ ჩვენ, მთელ მსოფლიოს, მოთმინება გვეწურება. […] გხედავთ. ვჭვრეტთ, რასაც აკეთებთ, როგორც აკეთებთ, განსაკუთრებით “ჰუსიტების” ხელით და აქედან კარგი არაფერი გამოვა”, – ამბობს ბრიტანელი მინისტრი.

12 იანვარს გამთენიისას აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ მასშტაბური შეტევა მიიტანეს “ჰუსიტების” 30-მდე ობიექტზე, რასაც აშშ-ს კონგრესში ბაიდენის მიმართ კრიტიკა, “ჰუსიტებისგან” და ირანისგან მუქარა, იემენში კი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 13 იანვრის ღამეს ახალი დარტყმები განახორციელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს დარტყმები პასუხია ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების შეტევებზე, რაც მათ 19 ნოემბრიდან მოყოლებული, წითელ ზღვაში ხომალდებზე განახორციელეს. აშშ-ს ინფორმაციით, “ჰუსიტებმა” 28-ჯერ მიიტანეს მიიტანეს მსგავსი დარტყმები გემებზე.

“ჰუსიტები” იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების შეიარაღებული დაჯგუფებაა. ისინი, “ჰამასთან” და “ჰეზბოლასთან” ერთად, თავს მიიჩნევენ ირანისგან მართული “წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.

“ჰუსიტები” იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. ღიად აცხადებენ, რომ ღაზის მხარდასაჭერად, ისრაელისკენ მიმავალ გემებს გაანადგურებენ. მათგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდია, ამ მთავარ სავაჭრო გზაზე გადამზიდმა კომპანიებმა ცურვა შეწყვიტეს, რასაც თავის მხრივ ეკონომიკური ზარალი მოჰყვა და გაჩნდა შიშიც, რომ ეს ნავთობზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

პარალელურად, ისრაელის მხრიდან დაბომბვა გრძელდება ღაზის სექტორში. “ჰამასის” დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 იანვარს 135 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი