ნეტგაზეთი | სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება – Netgazeti
RU | GE  

სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება

სოხუმის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ბაგრატ ხუტაბა უცხოელ დიპლომატებსა და კომერციული ჯგუფების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.

ამ ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 16 მარტს, ხუტაბამ შეხვედრა გამართა პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სირიაში, საიდ მუჰამად ხანთან.

მანამდე, 15 მარტს, იგი შეხვდა იემენის ჰუსიტური მთავრობის ელჩს სირიაში აბდულა ალი საბრის, კიდევ უფრო ადრე კი, ირან-სირიის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანს, ასღარ მირზაის. აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ფოტოსურათებთან ერთად თავად აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რა ტიპის შეხვედრები გაიმართა, ვინ არიან აღნიშნული დიპლომატები და რა მისია აკისრია დე ფაქტო აფხაზეთის საელჩოსა და კონკრეტულად ბაგრატ ხუტაბას სირიაში.

ვის და რატომ ხვდება ბაგრატ ხუტაბა 

მარტის თვეში პირველი შეხვედრა სირია-ირანის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ასღარ მირზაისთან შედგა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ხედვები ეკონომიკისა და ვაჭრობის შესახებ.

“ბაგრატ ხუტაბამ გამოხატა მისი მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ასღარ მირზაიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ შეხვედრას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, როგორც ირანისთვის, ისე აფხაზეთისთვის, და დააფიქსირა მზადყოფნა, გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები აფხაზეთისა და ირანის ბიზნესწრეებს შორის”, – ნათქვამია დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 4 მარტს გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, მირზაიმ ირანშიც მიიწვია ხუტბა და გამოთქვა სურვილი, რომ აფხაზეთში გაიმართოს ირანული პროდუქციის გამოფენა.  ბაგრატ ხუტბამ შეხვედრის თანამონაწილეს საპასუხოდ აჩუქა “კავკასიური ვერცხლის ხანჯალი”.

ბაგრატ ხუტაბა [სათვალეებში] და ასღარ მირზაი [ნიღბით] 4 მარტი  ⓒ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა ტიპის ორგანიზაციას წარმოადგენდა “ირანისა და სირიის სავაჭრო პალატა”. ამ კითხვით თბილისში ირანის საელჩოს მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული პალატა კერძო ტიპის ორგანიზაცია იყო და არ ჰქონდა სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი.

ირანის ისლამური რესპუბლიკა და სირიის არაბთა რესპუბლიკა ერთობლივი სავაჭრო პალატის შექმნაზე ჯერ კიდევ 2018 წელს შეთანხმდნენ. 2019 წლის აგვისტოში ირანული Tehran Times უკვე იუწყებოდა, რომ კერძო ირანულ და სირიულ კომპანიებს სავაჭრო პალატაში გაწევრიანება შეეძლოთ. 2020 წლის თებერვალში პალატამ საბჭოს წევრები აირჩია, ხოლო 2021 წლის თებერვალში გაერთიანებული სავაჭრო პალატის ერთობლივი სხდომა უკვე დამასკოში გაიმართა. ინფორმაციას სირიის კონფლიქტზე მომუშავე გამოცემა The Syrian Observer ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შეხვედრას უძღვებოდა ირანის წარმომადგენელი ქივან ქაშფი და სირიის წარმომადგენელი – ფაჰად დარვიში, რომელთაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე გამოთქვეს სურვილი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასღარ მირზაიც, რომელიც ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მუშაობს. იგი დაფიქსირებულია ერთობლივ ფოტოზეც.

ირანისა და სირიის საერთო სავაჭრო პალატა. მარცხნიდან მეორე ასღარ მირზაი  ⓒ The Syrian Observer. 9 თებერვალი, 2021 წელი.

ნეტგაზეთმა მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის საელჩოს საქართველოში, რათა გაერკვია, თუ რა შეფასება მოჰყვებოდა აფხაზური და ირანული მხარეების შეხვედრას სირიაში, თუმცა არცერთი უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

15 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა სირიაში შეხვედრა გამართა იემენის ჰუსიტური მთავრობის ელჩთან, აბდულა ალი საბრისთან.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება, ხუტაბამ მიულოცა საბრის იემენის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა და იემენს მშვიდობა უსურვა.

“მხარეებმა გაცვალეს ხედვები შესაძლო ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რაც გააძლიერებს მხარეებს შორის ურთიერთობას”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყებსი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხუტაბამ აფხაზეთში მიიწვია საბრი.

აბდულა საბრი და ბაგრატ ხუტაბა ⓒ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამჟამად იემენში სამოქალაქო ომია. ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიას აკონტროლებენ ჰუსიტები, რომლებსაც, დასავლელი ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებითა და საუდის არაბეთის ოფიციალური პოზიციით, ირანი უჭერს მხარს, თუმცა თეირანი უარყოფს მსგავს დახმარებას. ისინი აკონტროლებენ ქვეყნის დედაქლაქ სანას.

იემენის ომში ასევე იბრძვიან პრეზიდენტი ჰადის მომხრეები, რომლებსაც აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; სამხრეთის გარდამავალი საბჭო, რომელიც სეცესიონისტური მოძრაობაა, ალ-ქაიდა და ისლამური სახელმწიფო, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციები არიან.

აბდულა ალი საბრი ჰუსიტურ მთავრობას წარმოადგენს. იგი ამ პოსტზე 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე საბრი იემენის მედიის კავშირის ხელმძღვანელად მუშაობდა.

უახლესი შეხვედრა პაკისტანის ელჩთან შედგა. 16 მარტს დამასკოში ბაგრატ ხუტაბა საიდ მუჰამად ხანს შეხვდა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, “მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების იმედი გამოთქვეს”.

“ბაგრატ ხუტაბამ მადლობა გადაუხადა საიდ მუჰამად ხანს თბილი დახვედრისათვის და გამოთქვა იმედი გულწრფელი თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების დამყარების შესახებ. მეორე მხრივ, პაკისტანის ელჩმა განაცხადა მისი სურვილის შესახებ, რომ მეორე შეხვედრა აფხაზეთის ელჩთან გამართოს ამავე წლის აპრილშიც”, – ნათქვამია სოხუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაგრატ ხუტაბა და საიდ მუჰამად ხანი ⓒ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

პაკისტანმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს. პაკისტანს საელჩო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აქვს, თუმცა მისი უფლებამოსილებები თბილისზეც ვრცელდება. თავის მხრივ, საქართველოს საელჩო თეირანში ფარავს ისლამაბადსაც.

თბილისის პოზიცია 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთს სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის შესახებ 19 მარტს განუცხადა. სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის სირიაში, ბაგრატ ხუტაბას შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან არის საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია.

“საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული წარმატებული არაღიარების პოლიტიკა ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტის დადგენა, ბუნებრივია, დიდ დისკომფორტს უქმნის რუსეთის ფედერაციას, რადგან იგი მოსკოვს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გადაფარვის შესაძლებლობას არ აძლევს.

ამიტომ რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რათა შექმნან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია. სქემა, რომლითაც ისინი მოქმედებენ, მარტივია: რუსეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ისინი მონაწილე სტუმრებთან საუბრის გაბმას და ხელის ჩამორთმევას ცდილობენ, მოგვიანებით კი აღნიშნულს საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონტაქტების დამყარების ფაქტად ასაღებენ.

საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის სადარაჯოზე. ამის დასტურია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ისევე, როგორც გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ნატოსა და ცალკეული სახელმწიფოების მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი აქტები, გადაწყვეტილებები, რეზოლუციები, განცხადებები თუ ანგარიშები”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ხუტაბას კავშირები სირიასთან

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საელჩო სირიის არაბულ რესპუბლიკაში 2020 წლის ოქტომბერში გახსნა და პირველ დე ფაქტო ელჩადაც ბაგრატ ხუტაბა დაინიშნა.

ბაგრატ ხუტაბა 1982 წლის 10 თებერვალს დაიბადა. ის არის ცნობილი საბჭოთა მოჭიდავის, რაშიდ ხუტაბას ვაჟი. ელჩად გახდომამდე აფხაზეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ბაგრატ ხუტაბა აღნიშნული თანამდებობის დაკავების დროს იმყოფებოდა სირიაში აფხაზური და სირიული სპორტული კომიტეტების დაახლოებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

სირიასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს ხუტაბების ოჯახის კიდევ ერთ წევრს – ბაჯა ხუტაბას, რომელიც სირიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ასპარეზობდა.

ბაგრატ ხუტაბა სირიაში საელჩოს გახსნის შესახებ [რუსულ ენაზე] ⓒ ტელეკომპანია აბაზა-ტვ


ნეტგაზეთი დამატებით დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის ვიზიტების შესახებ თბილისის პოზიციის გასაგებად, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. სირიის მიერ აღიარების ფაქტს მაშინ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

სირიის მმართველის, ბაშარ ალ ასადის მთავრობა რეგიონის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო აქტორების მიერ იზოლაციაში იმყოფება. დამასკოს არაბული ლიგის წევრობა 2011 წელს, ხოლო მუსლიმურ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრობა – 2012 წელს შეუწყდა. ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სამოქალაქო ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო, ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, აშშ-მა, თურქეთმა, ეგვიპტემ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა.

დამასკოს საგარეო ურთიერთობები შენარჩუნებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი, კუბა, ვენესუელა და სხვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com