ელისაშვილი II ტურის შემდეგ ახალი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას აანონსებს

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ახალი ოპოზიციური სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბებას აანონსებს. ამის შესახებ მან რ2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

“არჩევნების შემდეგ უფრო გაშმაგებული და კრიტიკული ოპოზიციონერი ვიქნები. მე ვაპირებ სამოქალაქო მოძრაობის წამოწყებას, რომ ყველა ნორმალური, გულანთებული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანი შემოვიკრიბო, რათა მხოლოდ შავი და თეთრი არ იყოს. ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, ცუდი და უარესი, უარესი და უარესი – ეს არჩევანი არ იყოს მხოლოდ. ყველა, ვისაც გული ერჩის, ვინც არის კვალიფიციური და უყვარს ეს ქვეყანა, მოვიდეს, მე მზამზარეული, ბაზალეთის ტბიდან ამოყვანილი ფრთიანი ანგელოზებისა და ზეციური საქართველოდან ჩამოყვანილი ხალხის გუნდი არ მყავს”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ პირადად მას ამ მოძრაობის ლიდერობის ამბიცია არ აქვს.

“ყველას მოვუსმენ, ყველას ვხვდები, ამ ხნის განმავლობაში ათჯერ და ასჯერ უფრო მეტ ადამიანს ვხვდები, რეგიონებში დავდივარ, რომ შემოვიკრიბოთ ის ადამიანები. არანაირი ამბიცია, რომ მე ვიყო ლიდერი, არ მაქვს, სულ ბოლოში ვიდგები ამ მოძრაობის. მთავარია, ალტერნატივა გაჩნდეს, პერსპეტქივა, რომ მარტო სააკაშვილი და ივანიშვილი არ ჭამდნენ ერთმანეთს და შუაში არ ვიჭყლიტებოდეთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და განაცხადა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის არჩევანი უარესსა და უარესს შორის არის, მაგრამ აღნიშნა, რომ არჩევნებზე აუცილებლად მივა. ხოლო როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ვის მისცემს ხმას, საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს.

ელისაშვილი 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. მან ხმების 17.48% მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com