პროკურატურა გიგა მაქარაშვილისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას განმარტავს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველია მისივე ჩვენება იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრავმა.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში განუცხადეს, გიგა მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება, შესაძლებელია თუ არა მიენიჭოს მას დაზარალებულის სტატუსი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, “პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

მთავარი პროკურატურის განმარტებით, ამ მუხლის შესაბამისად, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მან განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

  • მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნით, დღეს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს.

გიგა მაქარაშვილის თქმით, პროკურატურის მოთხოვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს

  • გიგა მაქარაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად 16 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს აქცია, სადაც ნაგვის ურნები მიიტანეს, წარწერებით; ჩინოვნიკი ყარს! და ა.შ.

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” გორში გამართულ აქციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებისთვის გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომას, ხოლო თბილისში – გიგა მაქარაშვილისთვის ნაგვის ურნის თავზე დამხობისთვის გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილის დასჯას ითხოვდა.

თანამდებობიდან გადადგომას გორის მერი არ აპირებს, გორის მერიაში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათ გამოძიების დასრულებამდე რეაგირება არ ექნებათ ინციდენტზე, რა დროსაც თემურ მანველაშვილმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. სამოქალაქო აქსიტივსტი ამ საქმეზე ინციდენტის დღესვე გამოიკითხა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოკითხეს თუ არა გორის მერიის მაღალჩინოსანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.