შვედეთში ათასობით ადამიანი კანქვეშ ჩიპს იყენებს

შვედეთში კანქვეშ ჩასაყენებელი მიკროჩიპების ბუმია – ათასობით ადამიანი უარს არ ამბობს ტექნოლოგიაზე, რომელიც, როგორც თავად მიიჩნევენ, ცხოვრებას უმარტივებს. როგორც ამერიკის საზოგადოებრივი რადიო (NPR) წერს, კანქვეშ ჩასაყენებელი ჩიპი სულ რამდენიმე მილიმეტრი ზომისაა, მას ამონტაჟებენ ცერა თითსა და მაჯას შორის, შედეგად კი, მეპატრონეს  მნიშვნელოვნად უადვილდება ცხოვრება. შვედეთში მსგავსი ჩიპები პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღეისათვის სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.

კანქვეშა ჩიპზე დატანილია ჩიპის კოდი, რომლის იდენტიფიცირებასაც სპეციალური წამკითხველი ახდენს და შედეგად ეძებს მონაცემებს, რომლებიც ამ კოდთან არის დაკავშირებული. შვედეთში კანქვეშა ჩიპებით აღებენ ელექტრონული საკეტით დაკეტილ კარს, მათ შორის სახლებში, სამსახურში, ფიტნეს-კლუბში. გარდა ამისა, შვედეთის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ მგზავრებს უფლება მისცა, ელექტრონული ბილეთები სწორედ კანქვეშა ჩიპით “ატარონ”. გარდა ამისა, ჩიპით შესაძლებელია წვდომა პერსონალურ სამედიცინო ისტორიასა და სხვა ტიპის ინფორმაციაზე.

28 წლის სზილვია ვარსზეგი ერთ-ერთია იმ ათასობით შვედს შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ კანქვეშა ჩიპმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივა ტექნოლოგიებით დახუნძლულ ყოველდღიურ რუტინაში. ის კანქვეშა ჩიპს იყენებს ახალი ნაცნობებისთვის თავისი LinkdIn-ის პროფაილის გასაზიარებლად. მაგალითად, ტელეფონის წამკითხველით ჩიპის წაკითხვის შემდეგ, ტელეფონში იხსნება ლინკი, რომელსაც გადაჰყავხარ სზილვიას პერსონალურ გვერდზე, სადაც წერია მისი სახელი, გვარი, სამუშაო გამოცდილება და სხვა მონაცემები – ყველაფერი ის, რისი გაზიარებაც მას ახალი ნაცნობებისთვის სურს და თავიდან ირიდებს თავისი სახელის (Szilvia Varszegi) წარმოთქმისა და მოსაუბრის მიერ სწორად აღქმის უხერხულობას.

ვებდეველოპერი ერიკ ფრისკი სამსახურის კარს კანქვეშა ჩიპით აღებს. ფოტო: NPR

ექსპერტების მოსაზრებით, არსებობს ორი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც კანქვეშა ჩიპების პოპულარობა შვედეთში განუხრელად იზრდება:

  1. შვედეთი და შვედები გამოირჩევიან ღიაობით ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლის მიმართ და არიან მოწინავეები ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისების კუთხით. შვედეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნაში სწრაფ ინტერნეტზე წვდომის გასაზრდელად. ასევე, ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები შესთავაზა კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს სახლის კომპიუტერებით უზრუნველყოფდნენ;
  2. შვედეთში სულ უფრო ნაკლები ადამიანი იყენებს ნაღდ ფულს. მაგალითად, 2010 წელს საცალო ვაჭრობაში გადახდების 40% ხორციელდებოდა ნაღდი ფულით, დღეისათვის კი ეს მონაცემი 15%-მდეა ჩამოსული.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც ადამიანთა ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი კანქვეშა ჩიპების მიმართ, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას უკავშირდება. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, კანქვეშა ჩიპები კარგად არის დაცული ჰაკერული თავდასხმისგან. გარდა ამისა, არ არსებობს სისტემა, რომელიც ჰაკერების თავდასხმისგან 100%-ით იქნება დაზღვეული.

ჩიპების პოპულარობას შვედეთში ისიც განაპირობებს, რომ შვედების დიდ ნაწილს ძალიანაც არ აღელვებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რადგან შვედეთი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანაა. მაგალითად, ადამიანებს მარტივი რესურსის დახარჯვით შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია სხვა ადამიანის შემოსავლებისა და სხვა მონაცემების შესახებ. გარდა ამისა, შვედებს აქვთ მაღალი ხარისხის ნდობა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე – დიდი კორპორაციების მიმართ, რომლებიც მათ სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფენ.

ვარაუდობენ, რომ ჩიპებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზრდება მისი ფუნქციებიც და კანქვშა ჩიპებით შესაძლებელი გახდება ნებისმიერი სახის გადახდა, მათ შორის, რესტორანში, კინოში, მაღაზიაში და ა.შ.

რას იზამთ თქვენ, თუ მსგავსი ჩიპების სერვისი საქართველოშიც დაინერგა? დაწერეთ კომენტარებში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.