არ უნდა დაგვავიწყდეს სავარაუდო გატაცების პრობლემაც – ომბუდსმენის აპარატი ლამბალოელ გოგოზე

სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება ლამბალოელი 17 წლის გოგოს თავშესაფარში გადაყვანას . როგორც ნეტგაზეთთან სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებას არ დაავიწყდეს სავარაუდო გატაცების ფაქტიც.

არასრულწლოვანი, რომელიც, ოჯახის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სავარაუდოდ გაიტაცეს, დღეს, 19 ოქტომბერს, პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა. როგორც შსს აცხადებს, არასრულწლოვანმა თავად გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, თუმცა ამ გადაწყვეტილების გამო მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაცია.

შსს ამბობს, რომ არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად არასრულწლოვანი გადაყვანილია თავშესაფარში, ხოლო ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

“სახალხო დამცველი პირველივე დღიდან ჩართულია საკითხის შესწავლის პროცესში. როდესაც ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, გოგო მოიტაცეს, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა როგორც ოჯახთან, ასევე შსს-თან. დაბრუნების შემდეგაც, ვესაუბრეთ გოგოს. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გოგო თავშესაფარში გადაიყვანონ. სახალხო დამცველი აკვირდება ამ პროცესს.

როდესაც ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ის შესაძლოა გახდეს ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფომ ყველა ღონისძიება უნდა გაატაროს იმისთვის, რომ მსგავსი ძალადობა თავიდან იქნეს აცილებული”, – ამბობს ეკა სხილაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველი ვერ შეაფასებს, არის თუ არა ეს გოგო ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ისინი გამოძიებისა და სახელმწიფოს მხრიდან გოგოსთვის შესაბამისი სერვისების გაცემის პროცესს დააკვირდებიან.

“ძალიან მნიშნველოვანია, რომ ადრეული ასაკში ქორწინების და სავარაუდო მოტცაების/ ქორწინების შემთხვევებზე სახელმწიფოს ყველა შემთხვევაში ეფექტური რეაგირება ჰქონდეს და გათვალისწინებული იყოს მხოლოდ ბავშვის საუკეთსო ინტერესები. კერძოდ კი, რომ მან მიიღოს განათლება და მაქსიმალურად, დაცული იყოს მისი ყველა უფლება”, – დასძენს სახალხო დამცველის მოადგილე.

მისივე თქმით, მათი ინფორმაციით, გოგომ თავად გამოთქვა თავშესაფარში გადასვლის სურვილი. სახალხო დამცველი მას რამდენიმდე დღეში კიდევ ერთხელ მოინახულებს.

“აქ მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ოჯახში ძალადობაზე სავარაუდო რეაგირება…  არ უნდა დაგვავიწყდეს ის პრობლემა, რაც სავარაუდო თავისუფლების აღკვეთის ფაქტს უკავშირდება, ეს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ის ამდენი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოჯახში და მისი ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას”, – განმარტავს ეკატერინე სხილაძე.

სოფელ ლამბალოში 12 ოქტომბერს გატაცებული გოგო 17 ოქტომბერს იპოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან