პოლიციამ დააკავა ჯგუფი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი მძევლად აიყვანა – შსს

თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 10-კაციანი ჯგუფი, რომელთაც ბრალად ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 1995 წელს დაბადებული კაცი ჯგუფმა თბილისიდან რამდენიმე დღის წინ გაიტაცა და სანაცვლოდ ოჯახს 3 მილიონ ლარს სთხოვდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული”, – აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სახლიდან კი, სადაც ის ჰყავდათ დამწყვდეული, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ოჯახში უკვე დააბრუნეს.

გამოძიება სსკ-ს 144-ე -მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული  9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან