კალაძის მიერ დასახელებულ თარიღებში “ძალა ერთობაშია” აქციებს არ გეგმავს

დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში აქციის მოწყობას “ერთიანი ნაცონალური მოძრაობა” გეგმავს. თბილისის მერის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა მერიას შესაბამისი ნებართვის მისაღებად მიმართეს.

კალაძე აცხადებდა, რომ აღნიშნული მანიფესტაცია “ნაციონალური მოძრაობის ბოლოდროინდელ მცდელობას უკავშირდება, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაიძაბოს”. თუმცა, როგორც ირკვევა, წინასაარჩევნო მსვლელობა თბილისში ამ თარიღებში არ ჩატარდება.

როგორც “ნეტგაზეთს” ენმ-ის წევრმა ზურა მელიქიშვილმა განუცხადა, მერიას თვენახევრის წინ, კამპანიის დაგეგმვის საწყის ეტაპზე მიმართეს. როგორც მელიქიშვილი ამბობს, მსგავს პროცედურებს სხვადასხვა ქალაქში გადიან, თუმცა აღნიშნულ დროს “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი დასავლეთ საქართველოში იქნება და იქ შეხვდება ამომრჩევლებს.

მელიქიშვილის თქმით, ნებისმიერ მსვლელობის უსაფრთხოდ ჩატარებას კონსტიტუცია უზრუნველყოფს და არა დედაქალაქის მერი. ენმ-ის წევრის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის ყველა აქტივობაზე განცხადება მის შტაბში გაკეთდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.