ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მკვლელობაში ბრალდებული დააპატიმრეს, ხოლო ცხედრის დამალვაში ხელშემწყობი გაათავისუფლეს

დღეს, 11 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო, თუმცა ეს უკანასკნელი პირობითით გაათავისუფლეს.

სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, 2017 წლის 31 დეკემბერს ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით აბაშის მუნციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ.

“ნ.ტ-მ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო განზრახ მოკვლის მიზნით ი.კ-ს სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ი.კ. ცხენიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნ.ტ-მ მას თავის არეში ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ.ტ-მ და რ.გ-მ ი.კ. ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს, ნ.ტ-ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარე რიონში გადააგდეს. ჩატარებული აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად ი.კ-ს გვამი ვერ იქნა აღმოჩენილი,” – აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ნ.ტ. და რ.გ. 2018 წლის 11 იანვარს დააკავეს. ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო რ.გ-ს 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. ნ.ტ-ს სასჯელის სახედ  და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება რ.გ-ს, პროკურატურის განცხადებით, გამოძიებასთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობის გათვალისწინებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.