აუდიტი სხვა სუბიექტებთან ერთად, ზურაბიშვილის შემწირველ ექიმებსაც შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სხვა სუბიექტებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის შემწირველებს, მათ შორის, ექიმებსაც შეისწავლის. ინფორმაცია ნეტგაზეთს აუდიტში დაუდასტურეს.

როგორც აუდიტის სამსახურში გვითხრეს, უწყება სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომლის მიხედვითაც 1-5 ოქტომბრის შემწირველების დეკლარილებულ შემოსავლებსა და საბანკო ტრანზაქციებზე წვდომას მოითხოვს.

უწყების ინფორმაციით, მსგავსი რამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს და პარტიების ფინანსური მონიტორინგის ნაწილია.

სალომე ზურაბიშვილის შემწირველებს შორის “ჩაჩავას” კლინიკის რამდენიმე ექიმია, რომლებმაც საპრეზიდენტო კანდიდატს სოლიდური თანხა შესწირეს.  მათ შორის ერთ-ერთი ნიკოლოზ კინტრაიაა, რომელმაც “ქართული ოცნების” მიერ  მხარდაჭერილ კანდიდატს 20 ათასი ლარი შესწირა. 8 ოქტომბერს კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი არ არის.

აღნიშნული პოსტი, რომელიც ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, საჯარო იყო, ანუ მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა შემდეგ პოსტი გაქრა. ნეტგაზეთმა სცადა ექიმთან დაკავშირება, მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან