ახალი ამბები

რუსულმა არხმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა PACE-ში უკრაინელი დეპუტატების მიერ ჰიმნის შესრულებაზე

10 ოქტომბერი, 2018 • 3138
რუსულმა არხმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა PACE-ში უკრაინელი დეპუტატების მიერ ჰიმნის შესრულებაზე

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, Настоящее Время-ს ცნობით, რუსული ტელეკომპანია Россия 1-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე უკრანელი დეპუტატები Россия 1-ის წამყვანს ეუბნებოდნენ: “სიკვდილი რუსეთს, სიკვდილი შენ”.

სინამდვილეში დეპუტატებმა ტელეკომპანიას კომენტარებზე უარი უთხრეს, უკრაინის ჰიმნი შეასრულეს და შემდეგ ნაციონალისტური სლოგანები შემოსძახეს, თუმცა ჟურნალისტს არ დამუქრებიან.

ვიდეოში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ჰიმნს ასრულებენ, დეპუტატები ნაციონალისტურ ფრაზებს ამბობენ ხმამაღლა: “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება ერს! სიკვდილი მტერს! უკრაინა უპირველეს ყოვლისა! სირცხვილი რუსეთის ფედერაციას! სირცხვილი! სირცხვილი პროპაგანდისტებს”.

მათ არ უთქვამთ ის ფრაზები, რასაც ჟურნალისტი არაზუსტად აწვდის მაყურებელს: “სიკვდილი მტერს, სიკვდილი რუსეთს, სიკვდილი შენ, ეს უკრაინული ძალაა”.

გუშინ ეს შემთხვევა — თუ როგორ მღერიან უკრაინელი დეპუტატები PACE-ში რუსეთის სასარგებლო რეზოლუციის ჩაგდების შემდეგ ტელეკომპანია “რასიას” ჩართვისას უკრაინის ჰიმნს — “იმედის” ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემაც გადაიღო. ნახეთ მისი ვიდეო “ნეტგაზეთზე“:

მასალების გადაბეჭდვის წესი