ახალი ამბები

პროკურატურა: ჩხეიძემ რაც მიუთითა, ის ნომერი დასახელებულ მანქანაზე გაცემული არ ყოფილა

10 ოქტომბერი, 2018 • 1612
პროკურატურა: ჩხეიძემ რაც მიუთითა, ის ნომერი დასახელებულ მანქანაზე გაცემული არ ყოფილა

პროკურატურა აცხადებს, რომ იმ მანქანის ნომერი, რომელშიც, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშიდან წაღებული თანხა მოთავსდა, 2016 წელს მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა.

პარლამენტარმა ჩხეიძემ, რომელიც “ომეგას” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა, 5 ოქტომბერს სასამართლოს გაანდო იმ მანქანის მარკა და ნომერი, რომელიც, მისი თქმით, „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდში ფიგურირებდა.

[დეტალებისთვის ნახეთ: ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი]

პროკურატურამ 10 ოქტომბერს, საღამოს “ნეტგაზეთს” მიაწოდა განცხადება, სადაც უწყება განმარტავს, რომ “სახელმწიფო ნომერი, რომელშიც, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშიდან წაღებული თანხა მოთავსდა, 2016 წელს მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა”.

პროკურატურის ცნობით, ჩხეძე ამბობდა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს შპს „ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა “მოთავსებული და წაღებული იქნა „ტოიოტას“ მარკის, სავარაუდოდ, „პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333”.

„მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს „ოლიმპუსის“ დირექტორმა დ.ფ-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკა და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც ნატო ჩხეიძემ ისაუბრა”, -წერია განცხადებაში.

თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 2014 წლის 7 აპრილს გაიცა MERCEDES-BENZ ML 500-ზე, რომლის მესაკუთრეა დ.კ; 19 ოქტომბერს კი ამ მანქანას შეეცვალა სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო ნომერი, ხოლო ნომერი III-333 “ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი