“კურიერის” ჟურნალისტსა და ოპერატორს რკინიგზის მშენებლობაზე სცემეს – რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “კურიერის” ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოეპრატორ ლევან კალანდიას “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს” ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, „კურიერი“ რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. გადაღების დროს კი კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

“რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი”, – წერს რუსთავი ორი.

აღნიშნულს თავად კომპანია ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ დაპირისპირება იმის შემდეგ მოხდა, რაც გადამღები ჯგუფი სამშენებლო ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა.

“ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას. ვწუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან,” – ამბობს კომპანია.

შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რომელიც ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არის ჩადენილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რკინიგზის მშენებლობაზე კომპანიის წარმომადგენლებს ფიზიკურ ძალადობაში სდებენ ბრალს. 2 წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წელს, 2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა  საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გადაკვალიფიცირდა (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით). პოლიციამ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე ძალადობის გამო სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ.

 გარეკანი ფოტო: რ2

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან