აქედან რომ დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ გამოესროლათ, რა გვეშველებოდა? – გორის მერი

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული მხარის ბრალეულობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ამსახველ მასალას ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.

“ჩვენთან არავინ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლება, აქედან რომ ესვრი, იმათაც საპასუხოდ გამოგიშვან და აქ რა მოხდებოდა, წარმოგიდგენიათ, ხომ?! ჩვენ მეორე დილით, 8-ში გავიგეთ, რა ხდებოდა, ომი დაიწყო. ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?!”, – აცხადებს გორის მერი.

კონსტანტინე თავზარაშვილი და შეხვედრის მონაწილეები საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ აფრთხილებდნენ ამერიკელი პარტნიორები საქართველოს, პროვოკაციას არ წამოგებოდა. ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელი ვერ გაიხსენა, გორის მერმა შემდეგნაირად შეახსენა: “კონდოლიზა რაისი, ზანგი რომ იყო”.

მოგვიანებით, გორის მერმა განმარტებები გააკეთა “რუსთავი 2”-თან. კონსტანტინე თავზარაშშვილის თქმით, მას არ ახსოვს რასისტული განცხადების გაკეთება, თუმცა, თუ მექანიკურად რაღაც წამოსცდა, ბოდიშს იხდის.

რაც შეეხება 2008 წლის ომს, თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პროვოკაციების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

“მე მოსახლეობას ამას განვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები, რომ ჩვენს მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო, ეს პროვოკაციები აეცილებინა და ამ ომში არ ჩაბმულიყო”, – განმარტა გორის მერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი